• თბილისი
  • 35°C
  • 22 აგვისტო, 2017
article

“მე ერთი შვილი არ მომკვდომია”: წერილი ციხიდან – რას ნანობს „მეტრონომთან“ მაგდა პაპიძე

მაგდა პაპიძე: „ეს შეუძლებელია ერთ კაცს ჰქონდეს ჩადენილი… ვინ იცის, მკვლელი ჭირისუფლადაც იჯდა“ – „მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ციხიდან.

შემთხვევა, რომელიც მაგდა პაპიძის ოჯახს უკავშირდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მომხდარი ფაქტის გაჟღერებიდანვე მოექცა. მისი ქმრისა და შვილის დაღუპვის ამბავზე თითქმის დღემდე საუბრობენ და არ წყდება მითქმა-მოთქმა – ვინ არის მკვლელი? სასამართლო პროცესის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო, სადაც ახალგაზრდა ქალი მსაჯულებმა გაამტყუნეს და მოსამართლემ მას საშინელი ვერდიქტი გამოუტანა – სამუდამო პატიმრობა. დღემდე არსებობს კითხვები, ეჭვები და რაც მთავარია ინტერესი იმ ახალგაზრდა გოგოს, მისი ფენომენის მიმართ, რომელიც საბრალდებო სკამზე ასეთი მძიმე ტვირთით დასვეს, რომელიც ასეთი სასტიკი ვერდიქტით ზის დღეს ოთხკედელშუა. „მეტრონომმა“ ფურცელზე ჩამოწერილი კითხვები მაგდას ციხეში შეუგზავნა. გვაინტერესებდა, რას ფიქრობს და როგორ ცხოვრობს დღეს სამუდამოპატიმრობასჯილი. პასუხი მივიღეთ. მკითხველს გვინდა ვთხოვოთ, მოგვიტევეთ, თუკი ნაწერი შესაბამისად დარედაქტირებული არ არის… ჩვენ შევეცადეთ სტილი მაქსიმალურად დაგვეცვა და შეგვენარჩუნებინა, რომ საზოგადოებისთვის ბოლომდე მიგვეწოდებინა მაგდა პაპიძის ამჟამინდელი განწყობა და ემოციები…

„ვინ იცის, (მკვლელი) ჭირისუფლადაც კი იჯდა“ – წერს „მეტრონომს“ მაგდა პაპიძე და მიუთითებს, რომ რთულია სიმართლე დაამტკიცო იმ ქვეყანაში, სადაც „შვილმკვდარი დედის წამებაზე ხალხი დადუმდა და სრულიად „ლოკა“ პოლიციური რეჟიმი“ (სტილი დაცულია). „ასე არ ეძებენ, არ იჭერენ, არ კიცხავენ და არ უსჯიან არსად… მომავალი მოკვდა! აღარ არსებობს და ვერც იარსებებს, სანამ მთავრობა განაგებს შერჩევითი სამართლის სახით მოქალაქეების სიცოცხლეს“ – წერს „მეტრონომს“ მაგდა პაპიძე.

„მეტრონომი“: პირველ რიგში, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მაგდა პაპიძე: მე დღემდე ე.წ. „ვიზუალურ საკანში“ ვარ, უამრავი შეზღუდვით და „მისჯილი“ მაქვს დახურული რეჟიმი. მეორე წელია დღეში მხოლოდ ერთი საათი მაქვს უფლება ჭერახდილში ჰაერის სუნთქვის. ვინც მე ასეთ მდგომარეობაში განმისაზღვრა „სასჯელის“ მოხდა, მათ ძალიან კარგად იციან, როგორი დამანგრეველია ჩემი ჯანმრთელობისთვის უჰაერობა და უმოძრაობა, რომ აღარაფერი ვთქვა იმ სტრესულ გარემოებაზე, რომელიც ამ შენობაშია. წუწუნს არ ვაპირებ, მაგრამ თუკი კანონმდებლობა მოქალაქეს აძლევს უფლებას „არაღიარებითი“ ჩვენების ქონის, მაშინ ასეთ მსჯავრედებულების მიმართ უნდა ჰქონდეს სხვა მიდგომა სასჯელაღსრულების სისტემას და კონტრასტში არ უნდა მოდიოდეს კანონი კანონთან და ამ შემთხვევაში „არაღიარება“ და „აღიარება“ ერთ პირობებს არ უნდა განიცდიდეს, რაც ხდება ჩემს შემთხვევაში.

შეზღუდვები, რომლებიც მაქვს სრულად უსაფუძვლოა და ვიზუალური საკანი ადამიანს თუ არ ანადგურებს, ნამდვილად არ შველის (ჩემს შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში). აუცილებლად აღვნიშნავ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ნამდვილად ჩემი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან და მადლობა მათ, თუმცა ყოველგვარი მკურნალობა „წყლის ნაყვაა“ ასეთ დახურულ და ფიზიკურ მდგომარეობაში.

– ყველა განიხილავდა თქვენს თავს დატეხილ ამბავს. როგორ ფიქრობთ, რატომ გამოიწვია ამხელა ინტერესი ამ ამბავმა?

– საზოგადოების ჩართულობა ჩემს უბედურებაში გამოიწვია პოლიციის მიერ გავრცელებულმა უსაფუძვლო „აღიარებამ“. ჩემს შემთხვევაში სოციალური ქსელი გახდა დაუპატიჟებელი ტრიბუნა და „მოსამართლეც“ განაჩენის გამოსატანად. საზოგადოებრივი ინტერესი დაცვი მხარეს ყოველთვის დიდ ზიანს აყენებს მაშინ, როცა ამ კონკრეტულ პროცესს მთლიანად მედია უდგას სათავეში. გამომძიებლები და ე.წ. ექსპერტი თანმიმდევრულად და მთავრობის ბინძური მესაიდუმლეები არიან სამწუხაროდ, და საქართველოში „სამართალდამცავი“ პირდაპირი მნიშვნელობით კომერციული სინდისის მატარებელი მწამებელია.

მკვლელობების სერიები გადაება 2015-2016 წლებში და ასეთი ბინძური პიარი პროკურატურას არც ერთ საქმეზე არ უწარმოებია, როგორც პაპიძე მაგდას შემთხვევაში. იმიტომ, რომ მე, პოლიცის (დიდი დიღმის) შენობაში დაკითხვისას ვამხილე და ვუთხარი, რომ არ ვაპატიებდი ჩემს სიტყვიერ, ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას მათ. ჩემს სხეულზე პოლიციელების დე-ენ-ემი იყო, იმ პირველ პროცესამდე, როდესაც მე აღმკვეთი მდგომარეობა მომიწესეს.

მე პირველივე აღნიშნულ პროცესზე განვაცხადე წამების შესახებ და მე წყალს არ ვივლებდი ტანზე შეგნებულად, ველოდებოდი ჩემი კანიდან აღებულ მათ დეენემს. აქაც იმარჯვა პროკურატურამ და ჩემთან აღნიშნული წამების ჩვენების მისაღებად უკვე მთელი ორი კვირის დაგვიანებით მოვიდნენ (ზუსტად არ მახსოვს). რეალურად, ჩემი დაზიანებები უფლებადამცველის აპარატსაც აღწერილი აქვს და მე უმძიმესი დიაგნოზები დამიდგინდა ამ ძალადობის წყალობით უკვე ციხეში.

პოლიციას სხვა გზა არ ჰქონდა, იმიტომ რომ გამომძიებელმა თამარ ზედგინიძემ დაარღვია სამოქალაქოც და სისხლის სამართლის კანონიც, და თუ რა თქმა, უნდა არსებობს „ღირსების“ კანონიც ჩემს შემთხვევაში და „მოწმის“ სტატუსიდან ისე განაგრძო ჩემი დაკითხვა ბრალდებულის მდგომარეობაში, რომ რეალურად მე თუ ეს დაზიანებები სანამ პოლიციაში ავიდოდი მანამდე მქონდა (როგორც თავად აღნიშნეს, „ომარიმ მაგდას დაზიანებები მიაყენაო“) თამარ ზედგინიძეს დაწვრილებით უნდა აღენიშნა ოქმში, რაც არ გაუკეთებია და მეტიც, სიკვდილი გამომტყუეს იმისთვის, რომ ოთარ ბერძენიშვილისთვის „დამედო ხელი“ და ეს რომ არ გავაკეთე „აღიარება“ მოითხოვეს არაადამიანური მეთოდებით.

მე წინააღმდეგი არ ვარ და სრულ უფლებას გაძლევთ „მეტრონომს“ გამოითხოვოთ პროკურატურიდან, ჩემი ის ჩვენება, რომელიც მივეცი აქ ციხეში ერთ კონკრეტულ გამომძიებელს ჩემს წამებასთან დაკავშირებით, რაზეც დღემდე არ ახდენენ არანაირ რეაგირებას. თუმცა დავიწყეთ მე და ჩემმა ადვოკატმა „წამების“ საქმის დეტალების შესწავლა და მე არ მეჩქარება, სწორედ საზოგადოების წყალობით შვილმკვდარი დედის წამება „პოლიციურ რეჟიმს“ ჩემს შემთხვევაში, ნამდვილად არ შერჩება.

– ფეხმძიმობის ფაქტს რაც შეეხება, რამდენი თვის ფეხმძიმედ იყავით როდესაც დაგაკავეს და რა გახდა მოშლის მიზეზი?

– სწორედ ამ არაადამიანურმა წამებამ და დარტყმითმა ქმედებებმა გამოიწვია ჩემი მეორე ორსულობის შეწყვეტა. მე გინეკოლოგიურად, ყოველთვის გამართული ვიყავი და უმიზეზოდ მუცელი არ მომეშლებოდა. ღუდუშაურის საავამდყოფოში ინვალიდის ეტლით მატარებდნენ სისუსტისგან და სამი კვირის ორსულობა შემიწყდა. ათ დღეში ჩემი შვილის გულისცემა უნდა მომესმინა და ეს ბავშვი არავის უგლოვია ჩემს მეტს. ამიტომ არ ვაპირებ შევარჩინო ჩემი შვილის მუცელში ჩაკვდომა პოლიციელებს და მე ერთი შვილი არ მომკვდომია.

პროკურატურის მიდგომა ბინძური პიარის სახით ჩემთვის სასაცილოც კი იყო. არავის გასჩენია კითხვა, „რატომ ავრცელებენ ასეთ უარყოფით პირდაპირ ხელის დადებას იზოლირებულ ადამიანზე?“, სანამ იზოლირებული ვიყავი და ეს თითქმის 6-7 თვე გრძელდებოდა, პროკურატურამ ფრიადზე იმუშავა არასამართლიანი მეთოდებით „სიმართლისთვის“ და საუკეთესო შედეგსაც მიაღწია საზოგადოების იმ დიდ მასაში, რომლებიც მუდმივად მზად არიან ერთი და იგივე „კლასში“ იყვნენ პირადის განხილვაში და სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში სტატისტიკის მაჩვენებელიც აჩვენებს განათლების დეგრადირების კულმინაციას და მე ეს ჩემს ტრაგედიამდეც კარგად ვიცოდი. ამიტომაც მოხდა განხილვა დამშეული, facebook-ის ფერებით მაყურებელი საზოგადოების მხრიდან და „განაჩენსაც“ დაეტყო.

მსაჯულებში საჭირო იყო მინიმალური „ეჭვი“ იმისა, რომ მაგდა უდანაშაულოა. მე იმას, რომ მსაჯულები სრულად გაჟღენთილი იყვნენ ცუდი (საჩემოდ) ინფორმაციით, მივხვდი იმ პროცესზე, როდესაც ჩემი თორნიკეს და ომარის დაზიანების კადრები დიდ ეკრანზე გააშუქეს და მე ვერ შევძელი მაგ პროცესზე გაჩერება, დაახლოებით ორი საათი განიხილავდნენ და რომ შემიყვანეს სასამართლო დარბაზში უკან, თორმეტივე მსაჯული იგივე, უცვლელი მიმიკით იჯა და წყალიც კი არ მოუთხოვიათ. ეს იმის ნიშანი იყო, რომ მათ ეს საზარელი კადრები პროკურატურის მიერ გავრცელებული ჰქონდათ და მეტიც, ამ დროს როცა მე ვიყავი ჯერ კიდევ ბრალდებული, პროკურატურას უფლება არ ჰქონდა აღნიშნულ კადრებზე კომენტირება მოეხდინა წერილობით, რომ ეს დანაშაული ჩადენილია ამა და ამ ადამიანის მიერ. ეს ფსიქიკაა, რომელიც ყველას საღად და ცივად მოაზროვნეს არ აქვს, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ტრაგედია გულთან ახლოს გლოვის მრივ არავის მიუტანია ერთეულების გარდა და უმეტესობა პირადის განხილვაში იყო თავით გადაშვებული. ამიტომ, მსაჯულთა ლიდერის ღირსეული განაჩენი ის იქნებოდა, რომ ეთქვათ, „ჩვენი დასკვნა ის არის, რომ დასკვნა არ გვაქვს“ და ეს იმიტომ, რომ იყო საქმეში უამრავი კანონდარღვევა.

– რა არის ამ საქმეში მნიშვნელოვანი, რასაც ყურადღება სასამართლომ და გამოძიებამ არ მიაქცია?

– გიპასუხებთ, პირველი, რატომ მოხდა წამება პოლიციაში და გავრცელება უსაფუძვლოდ „აღიარების“, რითაც საზოგადოება ამხედრდა?

მეორე, რატომ არ დაილუქა მათთვის შემთხვევის ადგილი, სადაც ამბობდნენ, რომ მოხდა მკვლელობა, მაშინ, როცა ამავე პერიოდში, რამდენიმე სხვა მკვლელობა მოხდა და დაილუქა ყველა ადგილი? თავი გამომძიებელმა (ნუგზარ ნათელაშვილმა) პროცესზე ამ აღნიშნულ კითხვაზე იმით იმართლა, რომ ცხედრების დასასვენებელი ადგილი არ იყოო? ეს ის ბინური თავის მართლებაა, რომელიც ფარდას ხდის მათ არაპროფესიონალიზმს! მთელი პირველი სართული ჩემი ქმრის სანათესაოა და არავინ ეტყოდა ჩემი ორი გარდაცვლილის დასვენებაზე უარს და მეტიც, ლანა პაპიძე (ჩემი და) იყო ის, ვინც ითხოვდა ორივე გარდაცვლილს და უკვე დალუქულ ოთახში თუ აღმოაჩენდნენ ე.წ. მტკიცებულებებს, ხმას ვინღა ამოიღებდა? ამიტომ შეირცხვინა თავი პროკურატურამ ჩემს შემთხვევაში.

მესამე, ავტომობილსა და იარაღზე, ასევე გადაყრილ ნივთებზე ამოსულია „შერეული“ დეენემი, ასევე სადარბაზოში ომარის სისხლის კვალში აღმოჩნდა მეორე სისხლიც და ამ მეორე სისხლს პროკურატურამ „უცხო“ დეენემი უწოდა. პროკურატურამ „უცხო“ დაარქვა მკვლელს, რომელსაც ომარი ვინ იცის წაქცეული ებრძოდა!

მეოთხე, ჩემ ქმარს იმ იარაღიდან, რომელიც სულ ავტომობილში ჰქონდა, გასროლა იყო დაფიქსირებული, რატომ არ დაინტერესდნენ, რატომ შეიძლებოდა ომარის მოეხდინა გასროლა მაგ დღეს მაგავე იარაღიდან?

მეხუთე, ერთადერთი მოწმე ბრალდების, რომელსაც ომარი მაგ დღეს ტელეფონით ესაუბრა (და ეს საქმეშიც დევს, ადასტურებს ანძებიდან ამოღებული ინფორმაცია), გახლდათ ბექა მჭედლიშვილი, ჩვენი მეზობელი ბიჭი, ჩემი მაზლის მეგობარი, რომელიც ომარისთანაც საკმაოდ ახლოს იყო და მითუმეტეს, თორნიკესთანაც! რატომ მიჩქმალეს ბექა მჭედლიშვილი? ის ხომ ერთადერთი მოწმე იყო, ვისაც ომარი ტელეფონით ესაუბრა? უბრალოდ, მოეყვანა პროცესზე ბრალდებას და ჩემს წინ დაესვა მისთვის კითხვა, „რაზე გესაუბრათ ომარი მკვლელობის დღეს? – მაგრამ ეს არ გაუკეთებია გამოძიებას. მეტიც, იყენებდნენ პროცესზე იმ სამეზობლოს ჩემს წინააღმდეგ, რომელთანაც მე სრული შეგნებით იზოლირებულად ვცხოვრობდი და ამით ისინი ზედმეტადაც კი ღიზიანდებოდნენ.

მეექვსე, აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ომარის სისხლის კვალი იწყება არა ოთახიდან ან ოთახის ზღურბლიდან, არამედ სწორედ იმ დერეფნის ადგილიდან, სადაც მე ომარი წაქცეული ვნახე შუაღამით. იმას, რასაც ბრალდება ამტკიცებს, რომ ომარი ოთახიდან არის გაყვანილი გარდაცვლილი ამ ფაქტთან სრულ კონტრასტში მოდი და ამას არ სჭირდება იურისპოდენცია! ეს უბრალო, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისთვისაც თვალშისაცემი მტკიცებულებაა ჩემს გასამართლებლად.

მეშვიდე, ურნიდან, საიდანაც ამოიღეს „ნივთმტკიცებები“, ურნის წინ სისხლის კვალი იყო – ეს ფოტოშიც ნათლად ჩანს, რომელიც ჩემმა ადვოკატმა წარადგინა პროცესზე და ეს ის მთელი რიგი დარღვევებია ექსპერტ-კრიმინალისტების მხრიდან, რომელსაც დასავლური სასამართლო პირდაპირ მხილებად დაუდებდა ე.წ. სამართალდამცველებს, მაგრამ ეს საქართველოა, ქვეყანა, სადაც მთავრობიდან მთავრობამდე „პოლიციური რეჟიმია“ „ღმერთი“.

– დიდი ინტერესი გამოიწვია იმ მანქანამ, რომელიც შემთხვევის ღამეს დაინახეთ. როგორ ფიქრობთ, ვისი მანქანა შეიძლება ყოფილიყო და ვინ ჩააგდო ურნაში „ნივთმტკიცებები“?

– სწორედ „მერსედესის“ ფირმის ავტომობილია ვიდეოთვალში დაფიქსირებული ურნასთან და ექსპერტი (ავტომობილის კვლევისას) ამბობს, რომ „შეუძლებელია სერიის დაწვრილებით  გარკვევა“, ანუ კარგად არ ჩანს ვიდეოთვალში აღნიშნული ავტომობილის ნომერი, ან არ აჩენენ! მათ ხელშია ყველაფერი და საქართველოში სულ ასე იყო, თუ პატრონი და სიტყვის შემწევნი არავინ არ გყავს, ყველა გაგთელავს.

– იყო საუბარი, რომ თქვენ იმ ღამეს ომარის ურეკავდით და მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. რა მოხდა რეალურად იმ ღამეს?

(გაგრძელება იხილეთ ხვალ, 21 მარტს „მეტრონომზე“)

ნინო ცხადაია


წყარო