• თბილისი
  • 36°C
  • 22 ივლისი, 2017
article

მკვლელობის მომზადება თუ სპეც ოპერაცია, სკანდალური აუდიო ჩანაწერის გადასაფარად?

მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირის მკვლელობის მომზადება შხამიანი ნივთიერებით - ესაა ოფიციალური ბრალდება, რომელიც პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსს, მამა გიორგი მამალაძეს წაუყენა.

ის 10 თებერვალს, აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც გერმანიაში, პატრიარქის მოსანახულებლად მიემგზავრებოდა.

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძემ გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინა ციანიდი და აპირებდა მოეკლა მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირი - ანგარებით.

თუმცა, მამა გიორგი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. იგი, ფაქტობრივად, დუმილის უფლებას იყენებს.

ხოლო ახლობლები ეჭვობენ რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია დაიგეგმა. არ გამორიცხავენ სპეცსამსახურების კლავსაც.

პასუხგაუცემელი კითხვები...

შოთაძემ ბევრი ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ გეგმავდა მამა გიორგი მამალაძე სასულიერო პირის მკვლელობას. არ დაუკონკრეტებია, თუმცა, დიდი ალბათობით, პატრიარქი იგულისხმებოდა...

მთავარმა პროკურორმა განაცხადა რომ საქმეში არსებობს ფოტო-აუდიო მასალები, მოწმეთა ჩვენებები, სხვა მნიშვნელოვანი პირდაპირი მტკიცებულებები...

თუმცა, რატომღაც მაინც უცნობია ის პირი, ვინც პროკურორის მტკიცებით, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი მიჰყიდა.

ბატონი შოთაძე თვლის რომ მამა გიორგი მამალაძეს ანგარება ამოძრავებდა. თუმცა, ასევე უცნობი დარჩა კონკრეტულად რას გულისხმობდა პროკურორი...

ცოტა დაუჯერებელი ხომ არ არის - ვინმე გეგმავდეს მკვლელობას, შეხვდეს რომელიმე ადამიანს, სთხოვოს ციანიდის ყიდვაში დახმარება, ხოლო ნაცნობებს აუხსნას რომ შხამიანი ნივთიერება სასულიერო პირის მკვლელობისათვის სჭირდება? 

„ჩემს აზრსაც გეტყვით და თვითონ პატრიარქისაც. მე არ მჯერა, რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ასეთი აზრი გაუჩნდეს.

რა მოხდა, არავინ იცის. არც პატრიარქს სჯერა ამის. ეგეთი რამე საერთოდ არ გამიგია, რომ ვინმეს ვინმე მოეწამლოს, წიგნებში წამიკითხავს მარტო“, - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მამა ნიკოლოზმა, რომელიც გერმანიაში იმყოფება.

რა ხდებოდა მანამდე?

მამა გიორგი მამალაძის დაკავებამდე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში აქტიურად გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი აპირებდა მილიონებად გაეყიდა ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც თითქოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს აუგად მოიხსენიებდა...

ამ ვერსიის მიხედვით, ნაცვლიშვილს მსგავსი აუდიო ფაილები ერევანში აქვს შენახული. რუსთავი 2-მა რამდენჯერმე გადასცა ინფორმაცია რომ ნაცვლიშვილი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებასა და სკანდალური აუდიო ჩანაწერის მიყიდვას ცდილობდა.

ფაქტი დაადასტურა წინა ხელისუფლების წარმომადგენელმა, დავით საყვარელიძემაც, რომელმაც გაიხსენა, თუ როგორ შესთავაზა მას ნაცვლიშვილმა ივანიშვილზე არსებული აუდიო ჩანაწერის რამდენიმე მილიონად მიყიდვა.

მოკლედ, ერთი მხრივ, საზოგადოებაში შეიქმნა მოსაზრება რომ მსგავსი ჩანაწერი შესაძლოა მართლაც არსებობდეს.

შესაბამისად, არ გამოირიცხებოდა მისი გავრცელების საფრთხეც. თუ ბუნებაში რამე არსებობს, მისი აღმოჩენის შანსი ყოველთვისაა.

მეორე მხრივ, წარმოიდგინეთ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ისეთი სახის აუდიო ჩანაწერის გავრცელებას, სადაც ბატონი ბიძინა ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას - უწმინდესსა და უნეტარესს აუგად მოიხსენიებს.

ამიტომ, მამა გიორგი მამალაძის დაკავებისა და შოთაძის ბრიფინგის შემდეგ წარმოიშვა კითხა: ხომ არ იყო პატრიარქის მოწამვლის მცდელობა სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია, ივანიშვილზე არსებული აუდიო ჩანაწერის შინაარსის გადასაფარად?

როცა ხელისუფლება ქმნის შთაბეჭდილებას რომ ყველაფერს აკეთებს პატრიარქის უსაფრთხოებისათვის, აკავებს სასულიერო პირს, ხსნის მისი მკვლელობის მომზადების ფაქტს, ხომ ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება არაოფიციალური მმართველის, ბატონი ბიძინას მიერ ილია მეორის აუგად მოხსენიება?

ეს მხოლოდ კითხვა და ვერსიაა, რომელსაც მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს უფლება ნამდვილად აქვს.

დანარჩენი კი, გამოძიების მიერ შეგროვებული მტკიცებულებების სიმყარესა და კანონიერებაზე იქნება დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა რომ პროკურატურამ მამა გიორგი მამალაძის საქმეს „გრიფით საიდუმლო“ დაადო, ვფიქრობთ რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებითა და მისი აქტიურობით, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალი გახდება ცნობილი.