• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

რატომ გადის ქართულ კინოთეატრებში რუსულ ენაზე გახმოვანებული ფილმები?

რატომ გადის საქართველოს კინოთეატრებში რუსულ ენაზე გახმოვანებული სხვადასხვა ქვეყნის ფილმები და ზოგადად, რა განაპირობებს სახელმწიფო ენაზე გახმოვანებული ფილმების დეფიციტს? ეს კითხვა ხშირად დასმულა, თუმცა პასუხები ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. წლებია უკვე საქართველოში კინოთეატრები ფუნქციონირებს, თუმცა პრობლემა ვერაფრით მოგვარდა - მაყურებელს  ფილმებს ძირითადად არა ქართულად, არამედ მეზობელი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე გახმოვანებულს წარუდგენენ.

არის თუ არა, ეს საკუთარი ქვეყნის და ქართველი მაყურებლის უპატივცემულობა და რამდენად ჯდება ამგვარი სიტუაცია განვითარებული ქვეყნის მდგომარეობაში, ამაზე „პრესა.ჯის“ სპეციალისტები, კინომცოდნეები და კინომოყვარულები ესაუბრებიან.

ჟურნალისტი და კინომცოდნე ნინია კაკაბაძე ჩვენს გამოცემასთან საუბარში აცხადებს, რომ ნორმალურ სახელმწიფოში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს და ეს დაუყონებლივ გადასაჭრელი საკითხია.

ნინია კაკაბაძე: „ქართულ კინოთეატრებში რუსულ ენაზე გახმოვანება არ ხდება, მათ რუსეთიდან ჩამოაქვთ პირდაპირ გახმოვანებული ფილმები და მას სთავაზობენ მაყურებელს. რამდენად არის ეს ქვეყნის შეურაცხყოფა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ზოგადად, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა. როგორც გითხარით, კინოთეატრებს უკვე ნაყიდი აქვთ გახმოვანებული ფილმები, ყიდულობენ მეზობელ ქვეყანაში, რომლებიც გახმოვანებულია რუსულად და როგორც ვიცი, ეს მათთვის უფრო იაფი ჯდება. ეს გასაგებია, მაგრამ გასამართლებელი მაინც არაა.

მთელ მსოფლიოში, განვითარებულ ქვეყნებში ფილმს აჩვენებენ ორიგინალ ენაზე და ითარგმნება იმ ენაზე, რომელ ქვეყანაშიც გადის ფილმი. ჩვენთანაც უნდა იყოს ასე: ფილმი უნდა იყოს ინგლისურ, ან სხვა ორიგინალ ენაზე და როგორც მინიმუმ, სუბტიტრები მიყვებოდეს ქართულ ენაზე. რუსულ ენაზე თარგმანს ეს უდავოდ ჯობია.

მოკლედ, პრობლემა მალე უნდა მოგვარდეს. ამ კუთხით გამოსავალი კი ისაა, რომ კინოთეატრებმა სუბტიტრები მაინც დაადონ ფილმებს. სრულყოფილი გახმოვანება რა თქმა უნდა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სუბტირების დადება ფინანსურ პრობლემებს ნაკლებად უკავშირდება და თუ ჩვენ განვითარებულ სახელმწიფოს სტატუსზე გვაქვს პრეტენზია, ეს მაინც უნდა გავაკეთოთ“, - ამბობს კინომცოდნე.

რაც შეეხება ზოგადად ქართულ ენაზე გახმოვანების თემას, სპეციალისტები აცხადებენ, რომ მიზეზი როგორც ფინანსების სიმწირეში, ასევე პროფესიონალების ნაკლებობაში უნდა ვეძებოთ. ფილმის პროფესიონალური თარგმანი, ისევე როგორც სხვა მრავალი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაშიც აშკარად მწვავედ დგას.  კინომცოდნეების განცხადებით, მთარგმნელმა ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს: დაწყებული ჟანრიდან და ეპოქიდან, დამთავრებული სლენგებით. ამ ყველაფერს კი დრო და ფული სჭიდება, რაც საქართველოში ყველა სფეროში დეფიციტია. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით, ერთ საათიანი ფილმისთვის მთარგმნელის ანაზღაურება არც ისე მაღალია და ის 30 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს.

ირკვევა, რომ ფილმების სახელმწიფო ენაზე გახმოვანება-დუბლირების კულტურით განსაკუთრებით გერმანია,  ავსტრია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი ლიდერობენ. ამ ქვეყნებში ბევრმა მსახიობმა ფილმების გახმოვანებით მოიპოვა პოპულარობა.

სპეციალისტების თქმითვე, გამოსავალი კინოთეატრების რაოდენობის გაზრდა, კონკურენციის აწევა, სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის კულტურის სამინისტროს მეტი ჩართულობაა საჭირო ამ საკითხში.

Presa.ge ასევე დაუკავშირდა კინოთეატრების ქსელის მარკეტინგის მენეჯერს, დავით პირველაშვილს, რომელმაც თავდაპირველად უარყო ის ფაქტი, რომ კინოთეატრებში ფილმები ძირითადად რუსულ ენაზეა გახმოვანებული, თუმცა თუ ნებისმიერი კინოთეატრის აფიშას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ რეალურად სულ სხვა ვითარებაა.

დავით პირველაშვილი: „თითქმის ყველა ფილმი, გამონაკლისების გარდა, არის ძირითადად სამ ენაზე - ქართულად, რუსულად და ინგლისურად. ჩვენ დავიწყეთ ფილმების ორიგინალურ ენაზე გაშუქება - მაგალითად, ფილმი მიდის ინგლისურ ენაზე და ქართული სუბტიტრები აქვს, გარკვეული ფილმებია, რომელსაც ქართულად ვთარგმნით და არის სხვა ფილმები, რომელსაც რუსულად ვთარგმნით. თუ არის მოთხოვნა, რომ ფილმი ქართულ ენაზე გავიდეს, იმას ქართულადაც ვთარგმნით, გადის ფილმი ინგლისურად, ქართული სუბტიტრებით“. - გვიპასუხა მენეჯერმა.

„პრესა.ჯის“ კითხვაზე, თუ რა აუცილებლობაა იმისა, რომ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ენა ქართულია, არარუსული ფილმები ითარგმნებოდეს რუსულ და არა ქართულ ენაზე, დავით პირველაშვილმა განგვიცხადა, რომ ისინი არჩევანის საშუალებას აძლევენ მაყურებელს. „ვისაც მოსწონს რუსულ ენაზე გახმოვანებული ფილმები და ურჩევნია უყუროს კინოს რუსულად და არა ქართულად, ვითვალისწინებთ მათ გემოვნებას, ყველა ტიპის მომხმარებლისთვის გვაქვს ჩვენ არჩევანის საშუალება,“ - აცხადებს მენეჯერი.

თუმცა, გაუგებარია ქართულენოვან მაყურებელს ასე მასობრივად რატომ უნდა ერჩივნოს უცხოურ ენაზე გახმოვანებული ფილმი მშობლიურს, თუ ეს უკანასკნელი მართლაც ხარისხიანად არის გაკეთებული. როგორც ჩანს, ქართული კინოთეატრების მესვეურები, პოსტსაბჭოთა სივრცის სინდრომიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდნენ და მათთვის საერთაშორისო საკომუნიკაციო ენად რუსული რჩება.