• თბილისი
  • 4°C
  • 18 იანვარი, 2018
article

ტრანსგენდერი სექსმუშაკების კლიენტი სასულიერო პირები - "მოდიან ცირკთან და გვთხოვენ სექსი გვქონდეს"

17maisi.org მორიგ სკანდალურ და ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ვალერი ტრანსგენდერი სექსმუშაკია. ის რამდენიმე წელია, ცირკთან მუშაობს.

ის გეი ბიჭია, ქალის ფორმაში კი საღამოობით, ე.წ პლეშკებზე დადის და თავს სექს სამუშაოთი ირჩენს.

ვალერის მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის რამდენიმე სასულიერო პირიც არის, რომელთა ნაწილთან ურთიერთობა სხვადასხვა ინციდენტით დასრულებულა.

დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სასულიერო პირებს სექს მომსახურებაში ფულის გადახდა არ სურთ.

“ჩემს მეგობარ ნუკისთან ერთად ვცხოვრობდი ოროთახიან ბინაში. ნუკიც ტრანსგენდერი სექსმუშაკია. ერთ ოთახში მე მყავდა კლიენტი, მეორეში კი ნუკის. დაახლოებით 40 წუთში ჩხუბის ხმა გავიგე. გავედი და ვნახე, რომ მისი კლიენტი მღვდელი იყო, რომელიც უკვე იცვამდა ანაფორას და ფულის გადახდასაც არ აპირებდა, იმის გამო, რომ სექსის დროს აქტიური ნუკი იყო. მას საკმაოდ ძვირადღირებული მანქანა ჰქონდა და დიდი ოქროს ჯაჭვები ეკეთა.

მათ ოთახში რომ გავედი, აბსოლუტურად შიშველი ვიყავი, თავზე პარიკით. რომ დამინახა, ფუი ეშმაკსო, მითხრა. სწორედ მაშინ მოგვივიდა შელაპარაკება. მე ვუთხარი, ეს “ფუი ეშმაკს” იქამდე უნდა გეთქვა, სანამ აქ მოსვლას გადაწყვეტდი-მეთქი. საბოლოოდ, მღვდელმა ნუკის ფული გადაუხადა. დაახლოებით 30-35 წლის კაცი იყო.

სხვა შემთხვევებიც არის: არიან სასულიერო პირები, რომლებსაც მათი მონასტრის ან ეკლესიის წინამძღრები თბილისში ამა თუ იმ საქმეზე აგზავნიან. ისინი მოდიან ცირკთან და გვთხოვენ, მათთან სექსი გვქონდეს. ოღონდ ამბობენ, რომ ფული არ აქვთ და სანაცვლოდ, მაგალითად, მონასტრის მუშებისთვის ნაყიდ სიგარეტს ან სხვა რაღაცებს გვთავაზობენ. მე ამაზე უარს ვეუბნები. ქუჩაში სიგარეტისთვის არ ვდგავარ, მით უმეტეს, არც ვეწევი, არც ვსვამ და არც ვკაიფობ.

თუმცა, ამ უარს დაპირისპირება მოყვება ხოლმე. გვეჩხუბებიან და ხელითაც გვეხებიან, რის გამოც თვალებში ცრემლსადენ გაზს ვასხამთ და ვცემთ კიდეც. შემდეგ ვინმე რიგით გამვლელს შეეცოდება, ჩაასვენებს ხოლმე ამ “მამაოს” მანქანაში და მიჰყავს. გვქონია შემთხვევა, რომ ერთი და იმავე მღვდელს 4-ჯერ ვცემეთ.

თუ ამ ცემის დროს ხალხი მოვა, არაფერი ხდება. თუ პოლიცია – ვეუბნები, რომ თავს ვიცავდი, იმიტომ რომ მართლაც ასე ვიქცეოდი. თუმცა, პოლიციის გამოძახება არც მღვდლებს უნდათ.

ერთხელ, მღვდელმა შინდისფერი “კია” გააჩერა ცირკთან. ერთ-ერთ აბანოში წასვლაზე შევთანხმდით და წავედით კიდეც. საკმაოდ “ძველი ბიჭი” აღმოჩნდა: მუხლებზე და მხრებზე ვარსკვლავები ჰქონდა ამოსვირინგებული და “ბოზიშვილი ვიყო”, “ჩემი დედა”, ამ სიტყვებით ლაპარაკობდა. მბრძანებლური ტონი მოსწონდა და აგრესიული სექსი უნდოდა, რომ დავემცირებინე და ა.შ. ეს ჩემი სტილი არ არის, ამიტომ იმ 70 ლარიდან, რომელიც უკვე აღებული ქონდა, 50 უკან დავუბრუნე. 20 დავიტოვე, რადგან დრო დამაკარგინა.

ამას მისი მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა: დამემუქრა, რომ ტანსაცმელს არ მომცემდა და ვიღაც თანამდებობის პირებს დაურეკავდა, რათა ჩემთვის ცირკთან, მარჯანიშვილზე და ა.შ მუშაობის საშუალება არ მოეცა. თუმცა, მე ვუთხარი, რომ ბევრი ადგილია, სადაც მუშაობა შემიძლია და რომ არ დავზარალდები, რადგან ქალის ფორმაში ისე გამოვიყურები, როცა ქუჩაში გამოვდივარ, მოძრაობა ჩერდება ხოლმე.

კიდევ ერთ მამაოსთან “ვმესიჯობ”. “ადნაკლასნიკებში” გავიცანი. მითხრა, რომ ჩემთან მეგობრული ურთიერთობა და ჩემი გამოსწორება სურდა. მეც ვუთხარი, რომ 3 წელი ვგალობდი ღვთისმშობლის ეკლესიაში და ა.შ

ერთხელ მომწერა, რუსთავში ვარ რესტორანშიო, დავთვერი, შენთან მინდა სექსი და ამას და ამას თუ გამიკეთებო. მე ვუთხარი, რას ამბობთ, მამაო,  როგორ ვიკადრებ-მეთქი. მეგობრული სექსი მინდაო. მე მეგობრული სექსი არ მაქვს. რასაც ვაკეთებ, ფულსაც ვიღებ. ამიტომ, მასთან სექსი არ მქონია.

ხანდახან ვეკონტაქტები ხოლმე. ხან 2 კვირა დაიკარგება, ხან 1 თვე, მერე გამოჩნდება, ეკლესიური ენით მელაპარაკებდა და ბოლოს მეტყვის, როდის გავერთოთ?”


წყარო