• თბილისი
  • 31°C
  • 20 სექტემბერი, 2017
article

ირაკლი ფირცხალავა: მე ვარ ის ადამიანი, ვინც ლევან კალაძის საქმე გახსნა

9 წლის წინ დიდუბის ეკლესიასთან მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალის გამავრცელებელი, ირაკლი ფირცხალავა „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ კბილაშვილის უწყებას საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს. 

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი და რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გენერალი აცხადებს, რომ აღნიშნული კადრები მან პირადი კონტაქტებით მოიპოვა.

პრესა.ჯი: რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც პოლიციელი ერთ-ერთ დაკავებულს ეუბნება: "მოკვდა?! ნახე, მოკვდა?"...არის თუ არა აღნიშნული ვიდეომასალა იმ მასალის იდენტური, რომელიც ტელევიზიებს გადაეცით?

ირაკლი ფირცხალავა: დიახ, ვიდეოჩანაწერის სრული ვერსია გადავეცი ყველა წამყვან ტელეკომპანიას. ეტყობა ამ სააგენტომ ტელევიზიებისთვის მიცემული „ფლეშკა“ მოიპოვა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემ მიერ გავრცელებული კადრები ნამდვილად იდენტურია დღეს გამოქვეყნებული ვიდეომასალისა.

- როგორც ცნობილია, გამოძიებას უნდობლობას უცხადებთ და დუმილის უფლებას იყენებთ...

- ამ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. ყოფილმა მაღალჩინოსანმა ზურაბ მიქაძემ განაცხადა, რომ მას პროკურატურამ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ ცრუ ჩვენება იძულებით მიაცემინა. ამ ყველაფრის ფონზე ამ უწყებას ნდობას ვერ გამოვუცხადებ. წარმომიდგენია უბრალო, რიგითი პატრულის თანამშრომლებზე როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა.

- თქვენი მისამართით თუ განხორციელდა ზეწოლა?

- მეტი რა ზეწოლა გინდათ? ნახევვარი პარლამენტი ტელევიზიიდან ტელევიზიაში გადადის და ამ საკითხს აპოლიტიზირებს. ვიღაცა კრიმინალის მამა ზურა ვაზაგაშვილი პროკურორს და იუსტიციის მინისტრს ჩემი დაკავებისკენ პირდაპირ მოუწოდებს. 

- ამ ყველაფრის ფონზე თქვენი დაკავების დღის წესრიგში დადგომას გამორიცხავთ?

- ექსპერტიზა ჩემ უდანაშაულობას მალე დაამტკიცებს.

- თუ აპირებთ საერთაშორისო სასამართლოს მიმართოთ?

- ამას მოვლენების განვითარება გვიჩვენებს. თუმცა ვაზაგაშვილის ცილისწამებას რომ სასამართლოზე გავიტან, ეს ფაქტია. თუმე გარდაცვლილი პრემიერი ზურაბ ჟვანია მთელი ცხოვრება იმაზე ოცნებობდა რომ მისი სახელი ქვაზე ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის გვერდით დაეწერათ.

- გუშინ ითქვა, რომ ამერიკის ელჩს კადრებს ექსპერტიზის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში ჩატარების თხოვნით მიმართავდით...

- ზუსტად ახლა ვამზადებ შესაბამის მიმართვას, ვლუქავ ნივთმთმტკიცებას და მივიტან ამერიკის საელჩოში. ვითხოვ ობიექტურ ექსპერტიზას. ამათმა იმდენი ქნეს რომ საქმე პირადად გამომეძიებინა. ჟვანიას სიკვდილიც მე დამაბრალონ, რომ ეს საქმეც გავხსნა. 

- არის ვარაუდი, რომ კადრები რომელიც გაავრცელეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან მოიპოვეთ...

- საიდან ასკვნიან, რომ კადრები შს სამინისტროდან მოვიპოვე.... მე ამ კადრების წარმომავლობაზე კომენტარს ჯერ არ ვაკეთბ. იძულებული გამხადეს ეს კადრები მომეპოვებინა. არ დაგავიწყდეთ, რომ ოპერატიული თანამშრომელი ვარ. მე ვარ ის ადამიანი, ვინც ლევან კალაძის საქმე გახსნა. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ ამ საქმესაც გავხსნიდი.