• თბილისი
  • 32°C
  • 25 ივლისი, 2017
article

ქართველი ლუკაშენკოს გადაწყვეტილება - "რუსთავი 2"-ს წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო

ოლიგარქი მედიის წინააღმდეგ. ივანიშვილის მითითებით, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. 

ხადურის ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კახა ცერცვაძე და საგამოძიებო სამსახურის უფროსი, აპოლონ კაკაბაძე, „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ საშემოსავლო გადასახადების დეტალურ შესწავლას იწყებენ.

"დაევალოს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ კახა ცერცვაძეს და საგამოძიებო სამსახურის უფროსს, აპოლონ კაკაბაძეს, დაიწყონ სატელევიზო კომპანიების, "რუსთავი 2"-სა და "იმედის" საშემოსავლო გადასახადის დავალიანების დეტალური შესწავლა.

კონტროლი აღნიშნულ საკითხზე დაევალოს შემოსავლების სამსახურის უფროსს,კახა ცერცვაძეს და საგამოძიებო სამსახურის უფროსს, აპოლონ კაკაბაძეს", - ნათქვამია ხადურის ბრძანებაში.

ფაქტობრივად, ხადურის ეს ბრძანება, სხვა არაფერია, თუ არა ახალი ხელისუფლების ცენზურა, განსხვავებული აზრისა და თავისუფალი მედიის მიმართ. ივანიშვილი, რომელიც ევროპას, ქართული დემოკრატიით გაოცებას ჰპირდებოდა, მედიაზე დარტყმით, უკვე  დაადგა ლუკაშენკოს გზას.

"თქვენ ყოველწლიური გადასახადები უნდა გადაგეხადათ, რომელსაც "რუსთავი 2" არ იხდიდა, მათ შორის პირადად თქვენ, საშემოსავლო გადასახადს გიკავებდნენ, მაგრამ იმას ბიუჯეტში არ მიმართავდნენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული ინფორმაცია, რატომ არ იხდიდა ტელეკომპანია გადასახადს.

ვანო მერაბიშვილმა და ალეკო ხეთაგურმა ათეულობით მილიონი ლარი აპატია "რუსთავი 2"-ს, მათ შორის 2010 წელს 20 მილიონი ლარი.

მასალებს პროკურატურას გავუგზავნი. ტელეკომპანიებში შესვლა ამ ეტაპზე საჭირო არაა, რადგან მათ დავალიანებები წინა მთავრობამ ჩამოაწერა, მაგრამ ჩინოვნიკების საქმეა, შესასწავლი, რატომ აპატიეს მათ "რუსთავი 2"-სა და "იმედს" ამხელა დავალიანებები", - აგრესიული იყო ხადური „რუსთავის 2“-ს ჟურნალისტთან საუბრისას...

ფინანსთა მინისტრი, რომელიც ამ შემთხვევაში ივანიშვილის სურვილებს ახმოვანებს, იმედოვნებს, რომ საგადასახადო სამსახურები ტელეკომპანიების წინააღმდეგ საქმეს შეკერავენ...

საინტერესო დეტალი: რამდენიმე დღის წინ, პრემიერ მინისტრმა, პრესკონფერენციაზე, თავისი განცხადებით, „რუსთავი 2“-ს ძველი მფლობელები წააქეზა, დაიწყონ დავა ტელეკომპანიის დღევანდელი მეპატრონეების წინააღმდეგ. სწორედ მისი ამ წაქეზებაის შემდეგ გადაწყვიტა ხადურმა  ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის შემოწმება.  

„გვსურს გამოვეხმაუროთ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას.

საკუთარი განცხადებით, პრემიერმა ეჭვქვეშ დააყენა რუსთავი 2-ის დღევანდელი მფლობელების კანონიერება და, ჩვენი აზრით, დაუფარავად წააქეზა ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები დაიწყონ უსაფუძვლო სამართლებრივი პროცედურებიკომპანიის კანონიერი მფლობელების წინააღმდეგ.

ზემოთ აღნიშნულს განვიხილავთ ჩვენი საკუთრების უფლების და ასევე ჩვენი კუთვნილი მედიასაშუალების თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად.

გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას ამ ფაქტის გამო და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს სახალხო დამცველს, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ წარმომადგენლობას, მიმართონ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა არ დაუშვან ჩვენი და ჩვენს საკუთრებაში არსებული მედია საშუალების უფლებების შელახვა“ - ასე გამოეხმაურნენ მაშინ ივანიშვილის წაქეზებას „რუსთავი 2“-ს ამჟამინდელი მფლობელები.

თუმცა, როგორც ჩანს, ოლიგარქი მაინც არ ისვენებს და ტელეკომპანიას, რომელიც „მეცხრე არხის“ მსგავსად მისი ჯიბის „მეგაფონი“ არ არის, უბინძურესი მეთოდებით ებრძვის. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და ცივილიზებული სამყარო არ მისცემს უფლებას ქართველ ლუკაშენკოს, საქართველოში თავისუფალი მედია მოკლას.