საქართველო-რუსეთის საზღვართან წარმოებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდერებულია 11 დივერსანტი და 6 ალყაში იმყოფება.
ამის შესახებ განცხადება, შსს- ს მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა გააკეთა.
„როგორც ცნობილია, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა დივერსანტთა ჯგუფი. მიმდინარეობს მათი განდევნის ოპერაცია. სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილია შსს სპეცდანიშნულების რაზმის 2 წევრი და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, სამხედრო ექიმი. დაჭრილია 5 სპეცრაზმელი. ამ დროისათვის დივერსანტთა 6 წევრი იმყოფება ქართველი სპეცრაზმელების ალყაში და მათი აყვანის სპეცოპერაცია მიმდინარეობს“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპული თანამშრომლები არიან: სპეცდანიშნულების რაზმის 2 თანამშრომელი სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი. ასევე გარდაცვლილია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.
სპეცოპერაციის დროს დაიჭრა 5 თანამშრომელი.
შსს მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს.