უკრაინულმა გამოცემამ „დენ“ მთელი გამოძიება ჩაატარა კიევის მაღაზიებში გამოჩენილი სასკოლო რვეულების გამო, რომლებზეც ლენინისა და სტალინის, ასევე, ავტომატის ფოტოებია გამოსახული.
ერთ-ერთ მაღაზიაში განმარტეს, რომ დახლებზე გამოწყობილი რვეულების გაყიდვა განათლების სამინისტროს მიერ ნებადართულია და ისინი „ასორტიმენტის გამრავალფეროვნების“ მიზნით შეიტანეს ქსელში.
მონაცემებში მითითებულია, რომ პროდუქცია დამზადებულია რუსული სააქციო საზოგადოება „ალტის“ დაკვეთითა და კონტროლით დნეპროპეტროვსკის გამომცემლობა „პოლისვიტში“.
„ასორტიმენტი“ კი გაზრდილია იმის ხარჯზე, რომ მაგალითად, კაშკაშა წითელყდიან რვეულებზე გამოსახულია კრემლის ვარსკვლავი და ავტომატი, გვერდზე კი მინაწერი აქვს: „არაფერი ისე არ ამშვიდებს, როგორც კალაშნიკოვის ავტომატი“.
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი სტანისლავ კულჩიცკი ამბობს, რომ რვეულების გაფორმება მათ გამომშვებთა პოზიციაზე მიანიშნებს. ის ფიქრობს, რომ ეს სპეციალური შეკვეთაა, რომლის უკანაც რუსული ფული დგას. ანუ „ჩვენ ვხედავთ რუსეთის მცდელობას, შემოაღწიოს უკრაინაში, მათ შორის, საბჭოური წარსულის განდიდების გზით“ - ამბობს ის.
ანალოგიურ შემთხვევას გასული წლის ბოლოსაც ჰქონდა ადგილი. მაშინ ქალაქ ტერნოპოლსკის მაღაზიებში იყიდებოდა ასევე სასკოლო რვეულები სტალინის, ლენინის, ფიდელ კასტროსა და მაო ძედუნის გამოსახულებებით. ეს სერიული გამოცემა იყო, სახელწოდებით „გლამურული ლიდერები“, თუმცა სკანდალის შემდეგ ტერნოპოლის საქალაქო საბჭოს მოთხოვნით რვეულები გაყიდვიდან მაშინვე ამოიღეს.