ამ წუთებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქლორის ავზის მესაკუთრე კომპანია “კრიტსალის” ხელმძღვანელი და თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან.
გუშინ ღამით, ლილოში, ერთ-ერთი საწარმოდან ქლორმა გაჟონა. გაჟონვის შედეგად 73 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის არიან ბავშვები და ერთი ფეხმძიმე ქალბატონი. ამ დროისთვის ყველა მათგანი თბილისის სხვადასხვა სავადმყოფოშია გადაყვანილი. ბავშვები იაშვილის სახელობის კლინიკაში, ხოლო დანარჩენები ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებულები. ყველაზე რთულია მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტავენ, რომ ახალგაზრდას სასუნთქი გზები აქვს დაზიანებული და კომატოზურ მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შეგახსებებთ, რომ ლილოს დასახლებაში ინცინდენტი გუშინ დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. ერთი-ერთ ირანული ფირმის ავზიდან ქლორმა გაჟონა. მომხდარს უკვე სწავლობენ სამართალდამცავები. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა დაშავებულს შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ის ადამიანები კი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი იყო სახლში გაწერეს. ამ დროისთვის მოწამლული ადამიანების ნაწილი უკვე სახლშია გაწერილი, ისინი კი, ვისაც გუშინდელი ინცინდენტის შედეგად მძიმე მოწამვლა აქვს, საავადმყოფოში რჩებიან და მათი კლინიკიდან გაწერის საკითხს ექიმები გადაწყვეტენ.
წუხელვე მოინახულა ქლორის გაჟონვის შედეგად დაშავებული პაციენტები ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ცნობილია ისიც, რომ პაციენტების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
ქლორის ავზის მეპატრონე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან არსებული კონტრაქტორი კომპანია, შპს “კრისტალია”. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სწორედ კომპანიის თანამშრომელთა დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხვაზე იმყოფება კომპანია "კრისტალის" ხელმძღვანელი, ლევან დათუაშვილიც.
საქმესთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე გუშინვე აღიძრა. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს , რამაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ბრალდება 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.