ვორონეჟის ოლქის ტყეებში, სადაც ყოფილი „ენკავედეს“ პოლიგონებზე ადამიანებს ხვრეტდნენ, ახალი სამარხი აღმოაჩინეს. დუბოვსკის ტყეში არა მარტო „ხალხის მტრების“, არამედ დახვრეტილ ბავშვთა ძვლები იპოვეს.
უკვე ორი ათეული წელია, რაც ამ ადგილებში ასეთ სამარხებს პოულობენ. ვორონეჟის მაძიებელთა გაერთიანება „დონ“-ში ამბობენ, რომ ასეთი „საძმო სასაფლაოები“ აქ შეიძლება ასობით იყოს.
ადამიანთა ნაშთები ფენებადაა განლაგებული. მათი სიცოცხლის უკანასკნელი წუთების კოშმარზე მიუთითებს შუაზე გადატეხილი ხელის, ფეხის ძვლები, დამტვრეული ყბები... ხელბორკილები დახრეტის მომენტშიც კი არ მოუხსნიათ. სამარხში ნაპოვნი ნივთებით დაადგინეს, რომ უმეტესობა დახვრეტილთა შორის ინტელიგენციის წარმომადგენელია. სავარაუდოდ, მათ არც კი იცოდნენ, სად მიჰყავდათ და ამიტომ პირადი ნივთებიც თან წაიღეს - სათვალე, პენსნე, საყურე, ქალის ღილები, რითად სპეციალისტები რწმუნდებიან, რომ დახვრეტილთა შორის ქალებიც არიან.
ექსპერტის წინასწარი დასკვნით, ხელისა და ფეხის კიდურების მცირე ზომის ძვლები იმაზე მიუთითებს, რომ ეს 12-13 წლის ბავშვების სხეულის ნაწილებია. ჯერჯერობით, ვერავინ ამბობს, როგორც აღმოჩნდა 4 მცირეწლოვანის ბავშვის სხეულის ნაწილები დახვრეტილი „პოლიტპატიმრების“ გვერდით.
ახლა ყველა ნივთს ყურადღებით სწავლობენ, რათა იქნებ სადმე გვარი, ან თუნდაც ინიციალები იპოვონ.
ვორონეჟის საზოგადოება „მემორიალის“ ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ბიტუცკი ამბობს, რომ არქივებში, რომლებთანაც მას შეხება ჰქონია, არასოდეს უნახავს მცირეწლოვანთა დევნის, მით უმეტეს, მათი დახვრეტის შემთხვევების შესახებ ცნობები. თუმცა ეს იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ 90-იან წლებში „ენკავედეს“ არქივების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის განსაიდუმლოება მოხდა. დახვრეტილთა სიები ისტორიკოსებისთვის ამ დრომდე ხელმიუწვდომელია.
სამარხში, რომელიც დუბოვსკის ტყეში აღმოაჩინეს, 150 ცხედრის არსებობა დასტურდება.
პარალელურად, პოლონური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის სახელმწიფო არქივში 1940 წელს საბჭოთა კავშირის „ენკავედეს“ მიერ დახვრეტილი პოლონელი ოფიცრების „ბელორუსული სია“ აღმოაჩინეს.
დოკუმენტი რუსმა მკვლევარმა ნატალია ლებედევამ იმ ბრიგადის არქივებში იპოვა, რომელსაც პატიმრები მინსკში გადაჰყავდა. სიაში 1996 ადამიანის გვარი ფიგურირებს.
ამ დროისათვის გახსნილი არქივების თანახმად, სულ, 1940 წლის გაზაფხულზე „ენკავედემ“ 21 857 პოლონელი მოქალაქე დახვრიტა.