• თბილისი
  • 10°C
  • 23 თებერვალი, 2018
article

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები კვირის ბოლოს გაიმართება

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესა და მედიაორგანიზაციებს შორის კვირის ბოლოს გაიმართება.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალსიტებს განუცხადა.

"მე მქონდა შეხვედრა მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან ორი კვირის წინ მე მათ დავპირდი, რომ გაიმართებოდა კიდევ ერთი შეხვედრა მედიაორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მონაწილეობით. ეს პირობა, რა თქმა უნდა, შესრულდება. ჩვენ სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გავმართავთ ასეთ შეხვედრას, სადაც კიდევ ერთხელ ვთხოვთ ორივე მხარეს, რომ წარმოადგინონ არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და ამ არგუმენტების განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას, დაძლევს თუ არა ვეტოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც ეხება მმართველ გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ კიდევ ერთხელ გაიმართება მსჯელობა ყველასთან ერთად და ამის საფუძველზე მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა გადაყწვეტილებას.

როგორც ცნობილია, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს მაუწყებლობის შესახებ პრეზიდენტმა ვეტო დაადო და საკანონმდებლო ორგანოს შენიშვნებით უკან დაუბრუნა.