• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

სერგო რატიანი: "ქართულმა ოცნებამ" მისი იმიჯი ძალაუფლებაზე გაცვალა

ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული საკონსტიტუციო პროცესის მიმართ არსებობს ერთი შეფასება - იმედგაცრუება.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

მისივე თქმით, იმედგაცრუება არა მხოლოდ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს გრძნობაა, იმედგაცრუებულია ქართული საზოგადოება, მთელი პოლიტიკური სპექტრი და ის პოლიტიკური გუნდებიც, რომლებიც "ქართულ ოცნებას" უჭერდნენ მხარს. 

"იმედგაცრუებულია ყველა, რადგან თქვენ მოატყუეთ მთელი ქართული საზოგადოება. თქვენ მოატყუეთ საერთაშორისო საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და პირველ რიგში, თქვენ მოატყუეთ თქვენი ამომრჩეველი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

დეპუტატის აზრით, „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება და მისი ამომრჩეველი იმედგაცრუებულია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მისი იმიჯი ძალაუფლებაზე გაცვალა. 

„ამ ძალაუფლების მოსაპოვებლად თქვენ ისეთი რამეები ჩაწერეთ ამ კონსტიტუციაში, რომ უბრალოდ სირცხვილია. ამ ძალაუფლების მოსაპოვებლად თქვენ ეთამაშებოდით ეთნონაციონალურ, სოციალურ და რელიგიურ გრძნობებს. ეს არის პოპულიზმის უმსგავსო ფორმები. ეს არის პოპულიზმის ფორმები, როდესაც თქვენ ვითომ ქართული მიწის სიყვარულით, აუკრძალეთ საქართველოს მოქალაქეს გაეყიდა მიწა და ფაქტობრივად, შეზღუდეთ ადამიანის კერძო საკუთრება, საბჭოთა მარქსისტული წესით აუკრძალეთ კონკრეტულ პირებს და ეს უფლება გადაეცით სახელმწიფოს. შემდეგ გააკეთეთ ის, რომ რელიგიური თავისუფლება შეზღუდეთ. ესეც უმსგავსო საქციელია“, - თქვა სერგო რატიანმა.