• თბილისი
  • 18°C
  • 27 სექტემბერი, 2017
article

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა ეტაპი გავიარეთ

დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრა იგეგმება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის ყველა შესაძლებლობას განიხილავს.

„პრესა.ჯი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს ესაუბრა:

- როგორც უკვე ცნობილია, პრეზიდენტი ოპოზიციასთან ერთად განიხილავს კონსენსუსის ყველა შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება თან ახლდეს კონსტიტუციის მიღებას. მმართველმა გუნდი კი პროექტის საბოლოო მიღებამდე, ოპოზიციასთან ყველანაირ დიალოგს ამოწურულად მიიჩნევს. შეცვლის თუ არა დღევანდელი შეხვედრა რაიმეს კონსტიტუციურ პროცესში?

- საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რა საკითხებს განიხილავს პრეზიდენტი ოპოზიციასთან, მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის პრეროგატივაა. პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა აქვს საკონსტიტუციო რეფორმის მთელ პერიოდში ოპოზიციურ პარტიებთან, საკმაოდ ხშირი შეხვედრები იმართება მათთან. ეს არის ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა.

- მმართველი გუნდი რას აპირებს, დაელოდებით ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას იმ წერილზე, რომელიც ოპოზიციამ გაუგზავნა თუ მანამდე მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას?

- ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა ეტაპი, რომელიც კანონმდებლობით და დემოკრატიული პრინციპებით იყო აუცილებელი, გავიარეთ. ეს არის საკონსტიტუციო კომისია, საჯარო განხილვები, კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი ვენეციის კომისიასთან და პოლიტიკური დებატები და განხილვა ოპოზიციასთან. უკვე ველით საშემოდგომო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ მესამე მოსმენას, სადაც კიდევ ერთი პოლიტიკური დებატი გაიმართება და შემდგომ უკვე პარლამენტში კენჭს ვუყრით საკონსტიტუციო ცვლილებებს.