• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

ბიზნესზე ზეწოლა თუ კორუფციული გარიგებების შედეგი - მერობის კანდიდატების ურთიერთბრალდებები

აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების შემომწირველებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს მმართველი პარტიის მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის ნიშნებზე მიუთითებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ყველაზე დიდ თანხას, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას," წირავს სწორედ ის ბიზნესი,ფირმები, რომლებიც არიან ტენდერებში გამარჯვებულები და აქ ძალიან კარგად ჩანს თუ როგორი სქემებია ზოგადად კორუფციული „ქართული ოცნების“ გარშემო.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ დასრულდეს ეტაპი, როდესაც ბიზნესს იმისთვის, რომ მოიგოს ტენდერი სჭირდებოდეს პარტიაში ფულის შეწირვა საარჩევნოდ,“- განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარიამ.

„ქართულ ოცნებასა“ და ბიზნესს შორის კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც."

თავის მხრივ, აღნიშნული მონაცემები შეაფასა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს გამორიცხავს. 

​კახა კალაძის აზრით,  მმართველი პარტიის შემოწირულობები გამჭვირვალეა.  

მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი სამართალდამცავ ორგანოებს ოპოზიციური პარტიების შემოწირულობებით დაინტერესებას ურჩევს. 

"ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დეკლარაციაში მითითებულ თანხებს, შეუძლებელია იმ თანხებით საარჩევნო კამპანიის წარმოება. თქვენ თუ შეხედავთ, შემოწირულობები რომელიც "ქართულ ოცნებას" გააჩნია და რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა ყველასთვის, თუმცა თუ შევხედავთ ოპოზიციური პარტიების შემოწირულობებს და მათ საარჩევნო კამპანიას, აშკარად ჩნდება კითხვები და ალბათ შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ,“-განაცხადა კახა კალაძემ.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნების“  მიერ შემოწირულობით მიღებულმა თანხამ 7 მილიონს გადააჭარბა, რაც ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ თანხებს ათეულობით ათასი ლარით აღემატება.

ამასთან,  აუდიტის სამსახური „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველებს იბარებს. 

აუდიტის სამსახურის განმარტებით, შემომწირველების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკითხი სასამართლოში გადაინაცვლებს.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პირველი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, "ქართული ოცნების"

შემოწირულობამ 7 მილიონ 343 ათასს მიაღწია.

შემოწირულობის სახით 323 ათას 675 ლარი მიიღო  "ევროპულმა საქართველომ," „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 15, 600 ლარი, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 15,300 ლარი, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“- 12,204 ლარი, „ეროვნული ფორუმი“- 9215 ლარი,  "ნაციონალურმა მოძრაობამ” კი  შემოწირულობის სახით,  5,432 ლარი მიიღო.