• თბილისი
  • 36°C
  • 22 ივლისი, 2017
article

იან კელი: საქართველო არის პრიორიტეტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით სიახლეებზე ისაუბრა. 

როგორც ელჩმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა დიდი ინვესტიციები იმისათვის, რომ საქართველო განვითარდეს, გახდეს წარმატებული, სუვერენული, მტკიცე დემოკრატიის ქვეყანა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება ეს პროცესი დაჩქარდეს, ელჩის განმარტებით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვაშინგტონზე და მათგან უნდა იყოს სიგნალი ამ მიმართულებით. 

„ამ მიმართულებით ბევრი რამ ხორციელდება. ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან გამოიხატება, რომ ის სწავლობს თუ რა გზით შეიძლება დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკის რეფორმირებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ადმინისტრაცია ახალი დაკომპლექტებულია, მათგან იგრძნობა ის სიგნალი, რომ დაინტერესებულები არიან იმ მიმართულებით, თუ როგორ განვითარდეს ვაჭრობა ორმხრივ დონეზე ქვეყნებს შორის. 

თუმცა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. მოგეხსენებათ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს აქვს შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე, როდესაც საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვა, აუცილებლად წამოიჭრება ეს საკითხი შეხვედრებზე. მე ნამდვილად მინდა შემეძლოს ვთქვა, როგორ დაჩქარდეს ეს პროცესი, მაგრამ ეს დამოკიდებულია სხვადასხვა პრიორიტეტებზე, თუმცა გეტყვით, რომ საქართველო არის პრიორიტეტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, - აღნიშნა იან კელიმ.