• თბილისი
  • 20°C
  • 20 ოქტომბერი, 2017
article

"ქართული ოცნება" პლებისციტსა და შალვა ნათელაშვილის ულტიმატუმს შორის...

​საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველო”  ხელისუფლებას მოუწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე, პრეზიდენტის არჩევის წესთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პლებისციტი ჩაატაროს.

აღნიშნული წინადადებით „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გამოვიდა, თუმცა საპარლამენტო უმცირესობის მეორე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პლებისციტის ჩატარების იდეას არ გაიზიარებს.

„ცვლილებები, რომელიც „ქართული ოცნების“  მიერ შემუშავებულ პაკეტშია, არის საზიანო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის. ჰკითხონ ახლა ჩვენს მოქალაქეებს პლებისციტის გზით, უჭერენ თუ არა ისინი მხარს მაგალითად ამ ორ საკვანძო საკითხს - პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ და პროპორციულ სისტემას ურჩევენ, სადაც თანაბრად ნაწილდება მანდატები თუ ამ სისტემას, სადაც პირველ ადგილზე გასული იღებს ყველაზე მეტ მანდატს სხვების ხარჯზე,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის  ნიკა მელიას თქმით, კონსტიტუციის წარდგენილი პროექტი ხელისუფლების ინტერესებზეა მორგებული და „ქართული ოცნება“ კომპრომისებზე არ წავა.

„ეს არის ცვლილებები ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მეტი კეთილდღეობისთვის და სწორედ ამას ემსახურება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევითობის გაუქმება, გაუნაწილებელი მანდატების არასამართლიანად გადანაწილება,“ - თქვა ნიკა მელიამ.

ამასთან, ხვალ იწურება ულტიმატუმის ვადა, რომელიც „ლეიბორისტულმა პარტიამ“ „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციის პროექტში ცვლილებების კენჭისყრამდე წაუყენა.

„რა შედეგები მოსდევს პროცესს, როდესაც პოლიტიკურ ძალას მხარს არ უჭერს არც თავისი ქვეყანა და არც გარე სამყარო, ამის მაგალითებია სადამ ჰუსეინი, კადაფი და უფრო ადრე ჩაუშესკუ,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მის მიერ შემუშავებული პროექტის იმ ვარიანტს, რომელსაც კენჭი კომისიის ბოლო სხდომაზე უნდა ეყაროს, მმართველი პარტიის გარდა, კომისიაში შემავალი ყველა პარტია გაემიჯნა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების მიხედვით, კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საბოლოო ტექსტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა მიიღოს.

კომისიის დასკვნითი სხდომა კვირის ბოლოს გაიმართება.