• თბილისი
  • 28°C
  • 25 ივნისი, 2017
article

"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი  CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები მას დიქტატორად არ გადააქცევს.

ერდორანი  უარყოფს ბრალდებებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება არა ქვეყნის განვითარებას, არამედ პრეზიდენტისთვის შეუზღუდავი უფლებამოსილების მინიჭებას. 

თურქმა ამომრჩეველმა 16 აპრილს ჩატარებულ რეფერენდუმზე 18-პუნქტიან საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებები მნიშვნელოვნად ფართოვდება, კერძოდ, ერდოღანს უფლება ეძლევა პირდაპირ დანიშნოს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები, ასევე დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი. ერდოღანი მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოაცხადოს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა. 

თურქეთის პრეზიდენტმა, CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „ ჩვენ შევთანხმდით, რომ  შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება, პირადი ურთიერთობები ორმხრივი ურთიერთობისთვის აუცილებელია“. მან ტრამპთან სატელეფონო საუბარს და მის მილოცვას რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით სასიამოვნო უწოდა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაზე, გავცვალეთ შეხედულებები სირიის საკითხზეც“ - განაცხადა ერდოღანმა.