• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2017
article

პარლამენტმა, შესაძლოა, რუსული აგრესიის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღოს

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის მიერ რუსული ანექსიის შესახებ რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის, რომლის შესახებ კონსულტაციების გამართვას მხარს უჭერს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

როგორც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი წერეთელმა განაცხადა, მის ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ოპოზიციონერი კოლეგების  იგნორირების მიუხედავად, უმჯობესია აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის რეაგირება.

საქმე ეხება იმ არალეგიტიმურ პროცესს, რომელიც ბოლო დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს.

„ეს არის ანექსირების დასრულება იმ ტერიტორიების, რომლებიც დღეს არის რუსეთს მიერ მიტაცებული. ბევრი განცხადება გაკეთდა ჩვენი მხრიდან, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ ეს პროცესი ვერ გაჩერდა. ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიქცევა და ზეწოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე თუ მკითხავს ვინმე, ჩვენ ახლა ერთიანად უნდა ვითხოვდეთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ეს სანქციები მხოლოდ უკრაინას არ უნდა ეხებოდეს. იყო შემოთავაზება, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ გარკვეული განცხადება ან ჩამოვყალიბდეთ სტრატეგიაზე“,-განაცხადა გიგი წერეთელმა.პარლამენტარის ინფორმაციით, „ევროპულ საქართველოს“ მომზადებული აქვს პარლამენტის რეზოლუცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ქვეყნისთვის არის  უმჯობესი, რომ  ამ პროცესზე პარლამენტის რეაგირებაც არსებობდეს.

„არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენი კოლეგა ამ თემაზე გამიჯნული უნდა იყოს, რადგან ეს ოპოზიციის ინიციატივაა.  შემოგთავაზებთ ჩვენს ვარიანტს, შეიძლება ხვალაც და ძალიან მინდა, რომ პარლამენტმა ამ მიმართულებით მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავის მხრივ, მზადყოფნა გამოთქვა დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის მიზნით.

„შემაშფოთებელია ის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ არ ვუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, რომ საქმის კურსში ჩავაყენოთ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მეგობრები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან და შეგვიძლია გავმართოთ კონსულტაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ უმსჯელიათ, რადგან მიიჩნევენ, რომ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობა და შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

​პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რუსული აგრესიის მიმართ საქართველოს პარლამენტის რეაგირებას საჭიროდ არ მიიჩნევდა სულ ცოტა ხნის წინათ, როცა საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს და რუსეთის ფედერაციას, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.