• თბილისი
  • 34°C
  • 26 ივლისი, 2017
article

611 ათას 890 ევრო, 145 ათასი დოლარი - დეპუტატი სონღულაშვილი ფულს აპროცენტებს...

საქართველოს პარლამენტში ბევრი მილიონერი დეპუტატია. მათი უმრავლესობა ქართული ოცნების წევრია, მაგრამ განსაკუთრებული სიდუხჭირით არც საპარლამენტო ოპოზიციაში გამოირჩევიან.

თუმცა, მილიონერ პარლამენტარებს შორის, რომელთა შესახებაც ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ, ჩვენი ყურადღება მიიქცია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ქონებრივმა დეკლარაციამ.

არც მეტი, არც ნაკლები, ბატონი სონღულაშვილის შემოსავლის ერთერთი წყარო, დიდი ოდენობით თანხების გასესხებიდან მიღებული შემოსავლებია.

მართალია, მისი საპარლამენტო საქმიანობა და გამოსვლები ბევრს არც უნახავს, მაგრამ რამდენადაც სონღულაშვილი პოლიტიკურად პასიურია, იმდენადვე აქტიურობს ბიზნესსა თუ ე.წ. მევახშეთა ფრონტზე...

მაგალითად: მის მიერ, 2017 წლის 18 იანვარს შევსებულ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ვკითხულობთ რომ დეპუტატმა,  2016 წლის თებერვალში  56 300 დოლარი გაასესხა, საიდანაც სარგებლის სახით 11 899 ლარი მიიღო.

მეტიც, ბატონმა სონღულაშვილმა იმავე წლის დეკემბერში კიდევ 145 ათასი დოლარი გააპროცენტა, საიდანაც შემოსავლის სახით 3 ათას ლარზე მეტი აიღო.

კიდევ უფრო მეტი: სონღულაშვილმა,  2016-ში,  ასევე გაასესხა 611 ათას 890 ევრო და სარგებლის სახით 79 ათას 845 ლარი გამოიმუშავა.

მილიონერმა დეპუტატმა დამატებით 30 ათასი დოლარიც გაასესხა, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით  არ გაუმართლა, რადგან აქედან სარგებელი არ უნახავს. ყოველ შემთხვევაში ასე წერია მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში.

 მნიშვნელოვანი დეტალი: ყველა ეს გასესხება, ქართული ოცნების წევრმა, დავით სონღულაშვილმა, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე განახორციელა.

მილიონერი მაჟორიტარისათვის 2016 წელი განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩეოდა. მან, გასულ წელს ორი ძვირადღირებული უძრავი ქონება შეიძინა: ბინა 400 ათასად და აგარაკი - 120 ათასად.

რაც შეეხება თანხების გაპროცენტებას, აღსანიშნავია რომ ე.წ. მევახშეები აღმასრულებელ მთავრობაშიც მოიძებნებიან.

კერძოდ, 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, ფინანსთა მინისტრ ქუმსიშვილს საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდა დაბანდებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესში“, რომელიც მოქალაქეებზე აპროცენტებს ფულს. მინისტრმა, ამ „სქემით“ ასევე სოლიდური მოგება ნახა.  

პარადოქსია, მაგრამ ბატონი მინისტრი მოგვიწოდებს რომ დანაზოგი ლარში ვაწარმოოთ, თუმცა, თავად დოლარებს ინახავდა და დოლარებსვე აბანდებდა...