• თბილისი
  • 29°C
  • 26 ივნისი, 2017
article

"ბოკერიას ფრთა, პარტიიდან გამოყოფის შემთხვევაში, არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას დაემსგავსება"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ე.წ. ბოკერიას ფრთა პარტიიდან გამოყოფის შემთხვევაში არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას დაემსგავსება.

"ბუნებაში არ მოიძებნება ნაციონალური მოძრაობის 7 000 წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს გიგა ბოკერიას და მისთვის სასურველი შედეგი არ დადგებოდა ყრილობაზე. აქედან გამომდინარე, მან დაახლოებით, ერთი თვის წინ, გადაწყვიტა, რომ პარტია დაეტოვებინა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯგუფი დატოვებს ნაციონალურ მოძრაობას. ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ ხალხი ჩამოჰყავთ სამცხე-ჯავახეთიდან, ქუთაისიდან და სხვადასხვა რაიონიდან, რომ რაც შეიძლება ისე წარმოჩნდნენ, თითქოს ისინი ბევრი არიან. მე მათ ნაწილს ვუსურვებ წარმატებას იმ გზაზე, რომელსაც ისინი თავად ირჩევენ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს იქნება გაერთიანება, რომელიც უფრო დაემსგავსება არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას, ვიდრე პოლიტიკური პარტიის რაიმე ნიშანწყალი ექნება. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცნობ ბოკერიას".

მელია გამორიცხავს გიგა ბოკერიასა და ბიძინა ივანიშვილის კავშირს, თუმცა საუბრობს იმ კითხვისნიშნებზე, რომლებიც ამ საქმის ირგვლივ გაჩნდა.

"რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იგი რაიმენაირად კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან, ამას გამოვრიცხავ, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა უკანასკნელ პერიოდში. მათ შორის, მე მაქვს ბევრი ინფორმაცია, ბევრი კითხვის ნიშანი და ამდენი შემთხვევითობის უბრალოდ არ მჯერა. ცხოვრებაში არის ვითარებები, როდესაც აგური რომ თავზე დაგეცეს, შემთხვევითობას ვერ აბრალებ და ამას სჭირდება ახსნა-განმარტება, რომელიც არც ერთ მათგანს უბრალოდ არ მიუცია საზოგადოებისთვის".

ნიკა მელიას თქმით ახლა გიგა ბოკერია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად იგივეს აკეთებს, რის გამოც გიორგი ვაშაძესა და გირჩს აკრიტიკებდა.

"მე კითხვას ვუსვამ ბოკერიას, რატომ აკრიტიკებდა იმ ჯგუფს, რომელიც გავიდა გირჩებში და მათ, ვინც შეუერთდა გიორგი ვაშაძეს. პრაქტიკულად, ბოკერიამ მოღალატეებად შერაცხა ვაშაძეც და გირჩებიც, რომლებმაც დატოვეს ნაციონალური მოძრაობა. რაიმე სხვა გააკეთა დღეს გიგა ბოკერიამ?!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც უბრალოდ ძილს უფრთხობს ბიძინა ივანიშვილს და მის არაფორმალურ მმართველობას", - აცხადებს პოლიტიკოსი.

შეგახსენებთ, დღეს 15:00 საათზე ენმ-ში საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული და სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი რომ პარტიის წევრთა ნაწილის წასვლის შესახებ.