• თბილისი
  • 21°C
  • 27 მაისი, 2017
article

გოკა გაბაშვილი: "ქართულ ოცნებას" იაფფასიანი ტყუილების მეტი არაფერი დარჩენია"

მოხსნის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" კანდიდატს გარდაბნის არჩევნებში?

ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია არჩევნებიდან კანდიდატის მოხსნას ამომრჩეველთა არასაკმარისი ხმების გამო აპირებდა.

"ქართული ოცნების" განცხადებით, გარდაბნის არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმ სოციოლოგიური კვლევების სიყალბეს, რომელთა თანახმად "ქართული ოცნების" რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული.

ინფორმაციას კანდიდატის შესაძლო მოხსნის შესახებ მალევე გამოეხმაურნენ "ნაციონალური მოძრაობიდან". გარდაბნის გამგებლობის კანდიდატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ბესიკ კახაბრიშვილმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა. კახაბრიშვილის თქმით, ის 28 იანვრის არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად აპირებს.

„28 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებ, ბოლომდე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის, რათა თითოეული გარდაბნის მკვიდრის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.“ - განაცხადა ბესიკ კახაბრიშვილმა.

მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ფრაქცია  "ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილიც. გაბაშვილმა ინფორმაცია "ქართული ოცნების" იაფფასიან ტყუილად შეაფასა.

„ოცნებას" ამ იაფფასიანი ტყუილების მეტი არაფერი დარჩენია. ბესო კახაბრიშვილი მონაწილეობას იღებს არჩევნებში და არანაირი კანდიდატურის მოხსნაზე საუბარი არაა. „ოცნება“ არის გაკოტრებული, ამომრჩევლის მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ცდილობენ ასეთი ინსინუაციებით გადაირჩინონ თავი. ბრძოლა გრძელდება და ის აუცილებლად ჩვენი კანდიდატის, ბესო კახაბრიშვილის გამარჯვებით დასრულდება.“- განაცხადა გაბაშვილმა.

გარდაბანში კი დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე ნელ-ნელა იძაბება.

დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა გარდაბანში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფელ მუღანლოში პარტიის მხარდამჭერ ახალგაზრდებს აშინებენ, ემუქრებიან, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდებიან. მინაშვილმა სამართალდამცავებს ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

"მოგეხსენებათ, რომ 28 იანვარს, გარდაბანში, გამგებლის არჩევნებია და დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, "ქართული ოცნება" ამომრჩევლის გულის მოგებას არა საქმის კეთებითა და პრობლემების გადაჭრით ცდილობს, არამედ მოქალაქეების აქტივობის შეფერხებით. ჩვენ გვაქვს ამის კონკრეტული მაგალითი, "ქართული ოცნების" სახელით ადგილობრივებს ემუქრებიან, რათა ამ ადამიანებს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, მუშაობაში ხელი შეუშალონ. მინდა, ყველა გავაფრთხილო და სამართალდამცავ უწყებებს მკაცრად მოვუწოდო, რომ გამოიძიონ ეს საქმე. მინდა, ყველას შევახსენო და მკაცრად გავაფრთხილო, 2016 წელს, "ქართული ოცნება" საქართველოს ხელისუფლებას დატოვებს", - ამბობს მინაშვილი.