• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

"მკვლელი კვლავ თავისუფალია" - Charlie Hebdo-ზე თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა

ერთი წლის წინ შეიარაღებული ისლამისტები ფრანგული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს ოფისში შეიჭრნენ  და ცეცხლი გახსნეს. დაიღუპა 11 ჟურნალისტი, მათ შორის ჟურნალის რედაქტორი, ასევე ერთი პოლიციელი.

შემდეგი ორი დღის მანძილზე კიდევ მოკლეს 5 ადამიანი, მათ შორის ოთხი მძევლების გათავისუფლებისას, რომლებიც ქოშერულ მაღაზიაში იყვნენ დატყვევებული.

თუმცა თუ ჟურნალის ბოლო გამოშვების ყდით ვიმსჯელებთ, ერთი წლის მანძილზე არაფერი შეცვლილა.

"მკვლელი კვლავ თავისუფალია" - ამბობს მინაწერი Charlie Hebdo-ს ყდაზე, ნახატზე კი გამოსახულია ღმერთი კალაშნიკოვის ავტომატით. მისი თეთრი სამოსი სისხლითაა დალაქული.

Charlie Hebdo მსოფლიოს უცხადებს, რომ რომ ჟურნალი კვლავინდებურად ცოცხალია, კვლავ იბეჭდება, ახდენს აკრძალვების იგნორირებას და მისი სატირის ობიექტად კვლავ ორგანიზებული რელიგია რჩება.

"ვფიქრობ, გასულმა წელმა არაფერი შეცვალა, გარდა ჩვენში ჩაბუდებული სიცარელისა", - თქვა ჟურნალის რედაქტორმა ჟერარ ბიარმა. "ჩვენ გვენატრება ჩვენი კოლეგები, მეგობრები. გვაკლია მათი ნიჭი, მაგრამ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჟურნალის სული. მგონი ეს გამოგვივიდა კიდეც".

თუმცა მთლიანად საფრანგეთი ნამდვილად შეიცვალა. ქვეყანა უბრუნდება მუშაობას საშობაო დღესასწაულების შემდეგ ღრმა წუხილითა და შფოთის განცდით. ისინი იხსენებენ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებმაც ახალი წელი ჩაუშხამათ.

მიუხედავად მათი სითამამისა, ცვლილებები ჟურნალმაც განიცადა. ათი წლის მანძილზე, გასული წლის ტრაგედიამდე, ჟურნალის რედაქცია გამუდმებით იყო მუქარის ობიექტი.

ამ მიმართულებით დღემდე არაფერი შეცვლილა, თუმცა შეიცვალა დამოკიდებულება მუქარისადმი - მათ უკვე ცარიელ სიტყვებად არავინ მიიჩნევს.

ჟურნალს მოუწია გადასულიყო სხვა შენობაში, გაეძლიერებინა დაცვა. დაცვის წევრები ჟურნალისტებს სამსახურამდე აცილებენ და სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სახლში მიჰყავთ.

"ისინი ცხოვრობენ დაშვებული ფარდებით, ისინი სიბნელეში ცხოვრობენ", - თქვა ერთ-ერთი ფრანგული გაზეთის რედაქტორმა.

ცვლილებები მოხდა რედაქციაშიც. მთავარმა კარიკატურისტებმა რისმა და ლუზმა განაცხადეს, რომ აღარ დახატავენ მუჰამედ წინასწარმეტყველს. ლუზი საერთოდ წავიდა სამსახურიდან იმ მიზეზით, რომ დაღუპული კოლეგების გარეშე მუშაობა არ შეეძლო.

მიუხედავად ყველაფრისა, Charlie Hebdo კვლავ იბეჭდება, იბეჭდება პროვოკაციული კარიკატურებით და სტატიებით. მათ სიბნელის არ ეშინიათ.