• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

სოსო ცისკარიშვილი: "კვირიკაშვილის ქება ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესს გააღიზიანებს"

„დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტმა, პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა Presa.ge-სთან 2016 წლის პოლიტიკური პროგნოზებსა და ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

- ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, მოუტანს ქვეყანას თვალსაჩინო ცვლილებებს ახალი პრემიერი? როგორ გაართმევს ის თავს საკუთარ გამოსვლაში გაჟღერებული ძირითადი მესიჯების რეალიზებას?

- ჩემი აზრით, უნარები ნამდვილად გააჩნია ბატონ კვირიკაშვილს საკუთარი ნათქვამის რეალიზაციისთვის, მაგრამ გვახსოვს რა 30 დეკემბერს მის მიმართ გამოთქმული რამდენიმე მესიჯი ბიძინა ივანიშვილის მიერ, უპირველეს ყოვლისა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ივანიშვილი "კარგად მოიქცევა" და იმყოფინებს, როგორც თავად წარმოგვიდგება ხოლმე, რიგითი მოქალაქის სტატუსს. მაგრამ ამის წინაპირობა ნამდვილად არ ჩანს ჯერჯერობით. 

ყველაზე დიდი საფრთხე ამ წუთას საქართველოსთვის გახლავთ შესაძლო უარის თქმა კვირიკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრობაზე, თუ მისი რეალური წარმომჩენი ქართულ მთავრობაში ვერ ჩაეტევა რიგითი მოქალაქის სტატუსში. პრემიერის ცვლილება, ჩემი აზრით, იყო ყველაზე დიდი წარმატება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილისა. თუნდაც ეს იყოს გამოუვალი მდგომარეობის შედეგი და არა რაიმე მოფიქრებული ნაბიჯი. ნამდვილად ბევრი ძალუძს ბატონ კვირიკაშვილს და მისთვის ახლა მთავარ საფრთხეს წარმოადგენს გადაჭარბებული ქება, როგორც რიგითი მოქალაქეების მხრიდან, ასევე პოლიტიკოსებისგან, მედიისგან და ა.შ. 

გადაჭარბებული ქება იქნება უპირველესი გამაღიზიანებელი ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესისადმი და ასეთ ვითარებაში როგორ შეინჯღრევა ქართული ხელისუფლება, ამის პროგნოზირება ძალიან სევდის მომგვრელია.

ვეცადოთ, რომ 2016 წელს მაინც ავარიდოთ საკუთარი ქვეყანა სევდასა და შუღლს.

- რა იქნება 2016 წლის მთავარი გამოწვევები საქართველოსთვის?

- ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე "სტაბილური" გამოწვევა იყო და არის რუსეთი. რასაკვირველია, გონი უნდა სჭარბობდეს ემოციას რუსეთთან ურთიერთობაში, მაგრამ გავხდით მოწმენი, რომ რუსეთი ვერც თავის კონტურებში ეტევა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი სახელმწიფოა ტერიტორიულად მსოფლიო რუკაზე, აქვს მცდელობა გააგრძელოს საკუთარი ოკუპაციური რიტორიკა.

2016 წლის პირველ იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ დოქტრინას საერთაშორისო ურთიერობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ, სადაც ვკითხულობთ, რომ მისი მოსაზღვრე ქვეყნების ურთიერთობა ნატო-სთან წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. ამიტომ ნუ დაგვეზარება და ჩვენც შევიტანოთ რაიმე ცვლილებები საკუთარ დოქტრინებში, რომლებიც სამწუხაროდ საერთოდ არ გაგვაჩნია და მივცეთ საშუალება საერთაშორისო საზოგადოებასა და შესაბამის ორგანიზაციებს ისარგებლონ ჩვენი განახლებული კანონებით და არა რუსეთის მიერ გაჟღერებული მუქარებით.

- რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს?

- ეს გამოწვევა კიარა დავიდარაბის თემაა. სამწუხაროა, რომ გადის წლები, ჩვენი პოლიტიკური კულტურა მაინცდამაინც ვერ ყვავის. ამ წელს  მოწმენი ვიქნებით ძალიან მკაფიო დაპირისპირებების, რაც უპირველეს ყოვლისა ხელს აძლევს იმ ორ პოლიტიკურ ძალას, რომელთაც უერთმანეთოდ არსებობა აღარ ძალუძთ და აღარც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი კოალიცია იყოს ორი პარტიისგან შემდგარი.

- ბატონო სოსო, რომელ პარტიებს გულისხმობთ?

- გაგიკვირდებათ და თუ გაერთიანებული ოპოზიცია საკუთარ პირად დამოკიდებულებებს ერთმანეთის ლიდერების მიმართ უკან გადაწევს, მაშინ მოხდება სრულიად მოულოდელი კოაბიტაცია ორი პარტიისა - "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება". მათ ბევრი საერთო აქვთ და რაც უფრო ხშირად გამოდის საჯაროდ ბატონი ივანიშვილი, მის გამოსვლებში ჩანს სრულიად გამაოგნებელი პერსპექტივა ამ თემისა.

- თუ ეს საკითხი რეალურად დადგა, გამოდის რომ პარლამენტიც და ქვეყანაც იქნება ერთპარტიული. თუ არსებობს მესამე ოპოზიციური ძალა?

- ოპოზიციის სიბრძნეზეა დამოკიდებული მათი წარმატებაც და წარუმატებლობაც. თუ არ იქნება მზაობა იმის, რომ კიარუნდა დაჩაგრონ ერთამანეთი, არამედ ერთ მიზანს ემსახურონ, თუნდაც რამდენიმე არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალა, მაშინ შორს არ წავალთ იმ რეალობიდან, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, მაგრამ რასაკვირველია უმრავლესობის მოპოვებას ცალ-ცალკე ვერცერთი პარტია შეძლებს. დაიწყო უკვე სრულიად აშკარა კოაბიტაცია ამ ორი ძალის, პირველ მერცხალს ამ პროცესისას ჰქვია ლევან მურუსიძე.