• თბილისი
  • 27°C
  • 29 მაისი, 2017
article

ანდრო ალავიძე: ივანიშვილმა, პოლიტიკური განცხადებით, საჩუქარი პუტინს გაუკეთა

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, დეპუტატი ანდრო ალავიძე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას, კრემლის ინტერესებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ოლიგარქის პოლიტიკაში მოსვლაზე გავლენა, რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის მომავალმა გეგმებმა მოახდინა. ალავიძის ვარაუდით, ბიზნესმენმა,  პოლიტიკური განცხადებით, საჩუქარი სწორედ პუტინს გაუკეთა, რადგან მან პირველი პოლიტიკური შეფასება 7 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღეზე გააკეთა.

ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებთან და “ქართუ ბანკის” გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, პრესა.ჯი- კითხვებს დეპუტატი ანდრო ალავიძე პასუხობს.

-პოლიტიკურ არენაზე ივანიშვილის გამოჩენას რას უკავშირებთ?

- ცხადია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა მისი სურვილით არ ხდება. ალბათ, მას ძალიან ბევრმა რუსმა პოლიტიკოსმა  უბიძგა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო. ნიშანდობლივია, რომ ივანიშვილის პოლიტიკური განცხადება 7 ოქტომბერს გაკეთდა. იცით, რომ ამ დღეს, პუტინის დაბადების დღეა? რატომ აირჩია მაინცდამაინც 7 ოქტომბერი?

-ვარაუდობთ, რომ ივანიშვილმა რუსეთის პრემიერს საჩუქარი გაუკეთა?

დიახ. დიდი ხნის განმავლობაში, ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლისგან თავს იკავებდა. თუმცა, ეტყობა, მასზე გავლენა პუტინის მომავალმა გეგმებმაც მოახდინა. ცნობილი ფაქტია, რომ პუტინი რუსეთში ხელისუფლების დაუფლებას გაურკვეველი ვადით აპირებს. ეტყობა, ივანიშვილმა თავისი ბიზნესის გადარჩენის თუ კაპიტალის გაზრდის მიზნით მიიღო პოლიტიკურ არენაზე გამოჩენის გადაწყვეტილება.  საინტერესოა, პირველ ეტაპზე, მან რუსეთში არსებული კაპიტალი რატომ არ გაყიდა და პოლიტიკაში შემდეგ რატომ არ მოვიდა? მისი პოლიტიკაში გამოჩენა, რატომ იყო ასე საჩქარო? მას შეეძლო,  მოსულიყო არა 7 ოქტომბერს, არამედ სხვა დღეს. მას ასევე, შეეძლო, დივესიფიცირებული ბიზნესგარემო გაეყიდა და მის გარშემო არც კითხვის ნიშანი იქნებოდა.

ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ რუსმა ხელისუფალმა რომ მოინდომოს, მის ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის. ეტყობა, მისი ქონება იმ მოტივით არის დატოვებული, რომ თუ კარგად არ მოიქცევა, კუთვნილი კაპიტალი კომპესაციას დაექვემდებარება. რთულია ადამიანი რაიმე ბრალდებაში დაადანაშაულო, მაგრამ ფაქტები ისეა განლაგებული, რომ ამ ყველაფერისკენ მიგვითითებს.

-ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეჭვების გასაქარწყებლად მზად არის რუსეთში არსებული კაპიტალი გაასხვისოს. ეს რამდენად შესაძლებელია

-ივანიშვილი თავად ამბობდა, რომ რუსეთში არსებულ ქონებას ერთ დღეში ვერ გაყიდის. იგი აცხადებს, რომ ძლიერი ბიზნესმენია და გადაწყვეტილებებს თავად იღებს, თუმცა, ფაქტია, რომ მან პოლიტიკაში გამოჩენით, თითქოს არარენტაბელური ნაბიჯი გადადგა. ამბობს, რომ ქონება არ აინტერესებს, თუმცა, ადამიანს, რომელსაც მილიარდები აქვს, ფული არ აინტერესებს? ივანიშვილი თითეულ კაპიკს უფრთხილდება, როგორ უნდა დაიჯერო, რომ ის პოლიტიკაში მოვიდა და თავი საფრთხეში ჩაიგდო? ეს ზღაპარია.

აღსანიშნავია, რომ იგი წლების განმავლობაში, ქველმოქმედებას ეწეოდა და თითქოს, არანაირი მიზანი არ გააჩნდა, თუმცა, როგორც ჩანს, ის პატარკაციშვილივით მოიქცა. სანამ ივანიშვილი ბინძურ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებდა, მანამდე მის ქველმოქმედებას მეც მივესალმებოდი. საზოგადოების ნაწილს, ის ხელფასებს ურიგებს და  ეტყობა, აპირებს, ვისაც თანხას უხდიდა, გვერდით დაიყენოს. სამწუხაროა, რომ ასეთ „ქველმოქმედებას“ კანონით ვერ აკრძალავ, მაგრამ ეს ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.  

კოლაბორაციონიზმი გულისხმობს, რომ შენი ქვეყნის საზიანოდ მტერთან თანამშრომლობ. ზოგს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. ივანიშვილი ამბობს, რომ ის რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებს, თუმცა, საინტერესოა, როგორ, თუ ამას ქვეყნის ინტერესების ხარჯზე აპირებს? ყველამ ვიცით, რომ რუსეთი საქართველოს განვითარებას, სტაბილურობას და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირებას ეწინააღმდეგება. ისტორია გვაჩვენებს, რომ ზოგი ადამიანი თითქოს ქვეყნის სასიკეთოდ საქმიანობდა, თუმცა, მოღალეტე იყო. ამის ბევრი მაგალითია. მეშინია, რომ ასეთი ურთიერთობის მსხვერპლი, ჩვენი ქვეყანა დღესაც არ გახდეს.

-როგორ შეაფასებთქართუ ბანკისგარშემო არსებულ ვითარებას?

-ქვეყნისთვის სახიფათო თამაშია, როდესაც ფინანსური ინსტიტუტების პოლიტიკაში ჩართვა ხდება. “ქართუ ბანკის” ხელმძღვანელი პოლიტიკური თემებით არის დაკავებული. ამის შემხედვარეებს, შანსია, რომ მოქალაქეებს არასტაბილურობის განცდა გაუჩნდებათ და ბანკს უნდობლობას გამოუცხადებენ. ხალხმა ერთხელ უკვე გამოცადა, როცა ბანკები პოლიტიკური მიზნების გამო, გაკოტრდნენ და ქვეყანა ლამის ჩამოგვეშალა. ღმერთს მადლობა, რომ ქვეყანაში  დღეს სტაბილიზაციაა. როგორც ჩანს, ივანიშვილი ამ ბანკის მეტ პოლიტიზებას გეგმავს. “ქართუ ბანკის” მმართველი “ეროვნული ფორუმისა” და ასლან აბაშიძის პარტიის ყოფილი წევრი ნოდარ ჯავახიშვილია, რომელიც მისთვის ჩვეულ სტილში მართავს ბანკს.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ცდილობს, ბანკი პოლიტიკისგან გამიჯნოს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ეროვნულმა ბანკმა “ქართუს” პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა აუკრძალოს.