გავლენიანი პოლიტიკოსი, წარმატებული ბიზნესმენი, ქარიზმატული ლიდერი და ნაციონალისტი შვეიცარიელი – ასე შეიძლება დავახასიათოთ მილიარდერი კრისტოფ ბლოშერი, რომელსაც ევროპული საზოგადოება ევროკავშირისა და ნატოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო უფრო იცნობს. შვეიცარიელი „ცენტრისტების“ წინამძღოლს არასოდეს დაუმალავს, რომ შვეიცარიის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის სასტიკი მოწინააღმდეგეა. შინაგანად კი თავს ჭეშმარიტ ევროპელად მიიჩნევს. სამაგიეროდ, ფისკალური სისტემის შემსუბუქებისა და შვეიცარიის უცხოელებისგან განტვირთვის მხურვალე დამცველად გვევლინება.
კრისტოფ ბლოშერი 1940 წლის 11 ოქტომბერს, შვეიცარიის გერმანულენოვან მხარეში, ქალაქ შაფჰაუზში დაიბადა. კრისტოფი პროტესტანტების 11 შვილიან ოჯახში მეშვიდე შვილი იყო.
ბავშვობიდანვე პრინციპული და ჯიუტი ხასიათით გამოირჩეოდა. მამას ძალიან მალე იმედი გაუცრუა, პასტორობაზე კატეგორიული უარი განუცხადა და სოფლის მეურნეობის პროფესიულ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა. მოგვიანებით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტის დიპლომიც მოიპოვა და ციურიხის უნივერსიტეტში იურისპრუდენციასაც დაეუფლა. გარკვეული პერიოდი საფრანგეთში, მონპელიესა და პარიზის უნივერსიტეტებშიც სწავლობდა. 1971 წელს იურისპრუდენციის განხრით, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.
სოფლის მეურნეობასა და იურისპრუდენციაში სერიოზული წარმატებების მიუხედავად, ბლოშერის ინტერესები ნელ-ნელა პოლიტიკისკენ გადაიხარა. 1970-იანი წლების ბოლოს, პოლიტიკაში ჩართვა საბოლოოდ გადაწყვიტა და არჩევანი იმ დროს ჯერ კიდევ პოპულარულ პარტია, „ეროვნულ აღორძინებაზე“ ( მოძრაობა, რომელიც ომის შემდეგ შეიქმნა) შეაჩერა. პარტია ერთდროულად ულტრანაციონალისტებსა და ზომიერ პოლიტიკოსებს აერთიანებდა. ბლოშერის მტკიცებით, მასში სწორედ ზომიერი და ულტრანაციონალისტური იდეები იყო თავმოყრილი. ძალიან მალე, პარტიის წამყვან ფიგურად და ხმაურიან პოლიტიკოსად იქცა.
1980-იან წლებში, შვეიცარიაში ქალთა უფლებების გაზრდის წინააღმდეგ გაილაშქრა და ცოლქმრული თანასწორობის იდეას დაუპირისპირდა. იმავე პერიოდში სამხრეთ-აფრიკაში აპარტეიდის წამახალისებელ კანონპროექტს მხარი ღიად დაუჭირა.
1986 წელს კი პოლიტიკური მოძრაობა „დამოუკიდებელი და ნეიტრალური შვეიცარიისთვის“ დააფუძნა. ევროკავშირთან ყოველგვარ დაახლოებაზე უარი განაცხადა, შვეიცარიელი სამხედროების საზღვარგარეთ პროფესიული მისიის შესასრულებლად გაგზავნა სასტიკად დაგმო. მოგვიანებით კი შვეიცარიის „გაეროში“ შესვლის დაბლოკვაც სცადა.
კრისტოფ ბლოშერი 1979-2003 წლებში, შვეიცარიის ეროვნული საბჭოს წევრი იყო. 2003 წელს ფედერალურ საბჭოში აირჩიეს. მმისი პარტია 1999 წლის შემდეგ შვეიცარიის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. ამის მიუხედავად, 2007 წელს ფედერალური საბჭოს არჩევნებში მარცხი განიცადა. საბჭოში ხელახალი მანდატის მოპოვება, მხოლოდ 2008 წლის 17 ნოემბერს, სამუელ შმიდის გადადგომის შედეგად გამოთავისუფლებული ადგილის ხარჯზე შეძლო.
კრისტოფ ბლოშერი მილიარდერი 2000-იანი წლების დასაწყისში, საერთაშორისო ქიმიური კომპანია EMS-ის აღორძინების შემდეგ გახდა. ცნობილმა პოლიტიკოსმა გაკოტრების პირას მყოფი ჰოლდინგი 1972 წელს შეიძინა და კვლავ ფეხზე დააყენა. 2003 წელს კი ფედერალურ საბჭოში არჩევის შემდეგ, კომპანიის მართვა ქალიშვილს, მაგდალენა მარტულოს მიანდო. ბლოშერს მოწინააღმდეგეები ხშირად პოლიტიკაში პროტექციონისტულ პოზიციებს საყვედურობენ და ტრანსნაციონალური მილიარდერის ქმედების ეკონომიკურ ინტერესებთან შეუთავსებლობას უსვამენ ხაზს.
ამბობენ, ბლოშერს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ორი რამ, ძალაუფლება და ფული უყვარსო. მისი ოჯახის ქონება 2 დან 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს შორის მერყეობს. კრისტოფის ვაჟს, მარკუს ბლოშერს EMS-ში მაღალი თანამდებობა უკავია. დანარჩენ ორ შვილს, რაჰელსა და მირიამს, როგორც ჩანს, საოჯახო საწარმო ნაკლებად აინტერესებთ.
კრისტოფ ბლოშერს მასმედიის წარმომადგენლები მაინცდამაინც არ ესიმპათიურება. მათ მიმართ სიტყვაძუნწობითა და ირონიული დამოკიდებულებით გამოირჩევა. საკუთარი თავის გარდა, ბოლომდე არავის ენდობა.
ბლოშერის იდუმალებით მოცულ პიროვნებაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. მას ჰქონდა მთავარი თვისება – ქარიზმა, რათა დიდი პოლიტიკოსი გამხდარიყო. ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა ფული, რაც ბიზნესის წარმოებაში დაეხმარა. ფულისა და ძალაუფლების გარდა, გავლენიანი მილიარდერი შვეიცარიული მხატვრობის დიდი მოყვარული და ტილოების ცნობილი კოლექციონერიც არის.