• თბილისი
  • 21°C
  • 27 მაისი, 2017
article

უწყებათშორისი კომისია სახელმწიფო ორგანოებს რეკომენდაციებით მიმართავს...

1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 21 დღე არის დარჩენილი, თუმცა, პოლიტიკურ სუბიექტებს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმართვა რიგი დარღვევების ფონზე უწევთ. პოლიტიკური პარტიების მიმართვების საფუძველზე კი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით, უწყებათაშორისმა  კომისიამ ორი რეკომენდაცია შეიმუშავა და სახელმწიფო დაწესებულებებსა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს, მის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ამ დარღვევების გაცნობისა და აღმოფხვრის მიზნით, კომისია კვირაში ერთხელ შეიკრიბება (კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა).

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით მომუშავე კომისია უწყებებს  მოუწოდებს - იმ ადგილების არეალი გააფართოვონ, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსება იქნება შესაძლებელი და, ასევე მოახდინონ საარჩევნო სუბიექტების ინფორმირება იმ ადგილების შესახებ, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსებაზე შეზღუდვა ვრცელდება.

უწყებათაშორისი კომისიის წევრის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, კომისიას პოლიტიკურმა პარტიებმა იმ სირთულეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც გარკეულ რეგიონებში მათ ბეჭვდითი საარჩევნო სააგიტაციო მასალების საჯარო ადაგილებზე განთავსების თვალსაზრისით ექმნებათ.

„კომისია ადგილობრივ თვითმართველობებს მიმართავს - იმ ადგილების არეალი გააფართოვონ, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსება იქნება შესაძლებელი და ასეთი ქმედებები მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში შეზღუდონ:  კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში-საკულტო და კულტურული მემკვიდრეობით შენობა-ნაგებობებზე, ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერზე, საგზაო ნიშნებზე. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრული კულტურულ-ეკონომიკური ინტერესები, ცალკელული არქიტექტურული ობიექტები, იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეთიკური ღირებულებების მქონე ადგილებში. შეზღუდვა არ გავრცელდეს ელექტრონულ ბოძებზე, ზემოთ ჩამოთვლილი ადგილების გარდა, სააგიტაციო მასალის განთავსება კერძო პირების, ან ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ შენობებზე, მათ მფლობელთა თანხმობის შემთხევევაში შეიძლება განხორციელდეს“, განმარტავს კინწურაშვილი.

ამ საკითხის გარდა, კომისია უწყებებს მოუწოდებს დაწესებულებებში პარტიული სიმბოლიკის განთავსება აკრძალონ.

კინწურაშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები უწყებრივ ვებ-გვერდებს მმართველი პაარტიის საარჩევნო კამპანიის გაშუქებისა და პარტიული სიმბოლიკის განთავსების მიზნით იყენებენ.

„კომისიაში შეტყობინება შევიდა, რომ სახელმწიფო დაწესებულებაში განთავსებულ უწყებრივ რეკლამაში ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტი ფიგურირებდა. კომისი ასეთ ქმედებებს ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებად მიიჩნევს, რადგან მსგავს ქმედებას, საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს. საკითხთან დაკავშირებით, კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს - შეისწავლონ მათი ორგანიზაციების ეგიდით გამოცემული ბეჭვდური თუ ელექტრონული გამოცემების შინაარსის შესაბამისობა საარჩევნო კანონმდებლობასთან და დარღვევების გამოვლინების შემთხვევაში აღნიშნული პრაქტიკა აღკვეთონ. წინასაარჩევნო პერიოდში  ისეთი ბეჭვდური გამოცემებისა და ვიდეო-მასალის დისტრიბუცია არ მოახდინონ, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის შექმნილი არ არის, მაგრამ მასში  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტის ფიგურირება ადმინისტრაციული რესურსის, პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას წარმოადგენს“, - აცხადებს კინწურაშვილი.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციას იზიარებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, პარტიებს  შესაძლებლობა ჰქონდეთ, პლაკატების საშუალებით ადგილობრივ ამომრჩეველს მაქსიმალური ინფორმაცია  მიაწოდონ.

შეგახსენებთ, რომ  უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა, საქმიანობას 18 მაისიდან შეუდგა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით კი, კომისია სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციას ხელს უწყობს და მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგს აწარმოებს. კომისია პოლიტიკურ პარტიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან ითანამშრომლებს.