უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი საქართველოში ძვირადღირებული გარდერობით ჩამოვიდა. სამოსში დიდი ფული თავად არ ენანება, მაგრამ ადამიანებს არასოდეს აფასებს იმით, თუ რა ბრენდის სამოსი აცვიათ. უკრაინაში ერთ–ერთ ყველაზე ძვირადღირებული კოლექციების შემქმნელ დიზაინერთან, სერგეი ერმაკოვთან იცვამს. თბილისში კი ქართველი დიზაინერების, ავთანდილის და თამუნა ინგოროყვას მოდელები მოირგო.
ლამაზმანი ექსპერიმენტების მოყვარულია. ერთ დღეს თუ ქერა თქმა აქვს, მეორე დღეს – მუქად იღებავს, ხან მოკლედ იჭრის, ხან იგრძელებს... ერთ–ერთი ექსპერიმენტი საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩაიტარა. უნდოდა, კავკასიელ ქალად ეგრძნო თავი და თმა შავად შეიღება, მაგრამ ვერ იგუა და მალევე თავისი ფერი, ქერა დაიბრუნა.
თამამად ჩაცმის მოყვარული ივანა, რომელიც არც საქართველოში იზღუდავს ამ მხრივ თავს, ქართველი ქალბატონების ელეგანტური ჩაცმის სტილით მოხიბლულია.
ივანამ "სარკისთვის" გამონაკლისი დაუშვა და სახლში გვიმასპინძლა. პირველები ჩვენ აღმოვჩნდით, ვისაც თავისი გარდერობის გადაღების ნება დაგვრთო.
– ივანა, თქვენი ყოველდღიური და სცენური სტილი, იმიჯი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება?
– კონკრეტულად ერთი იმიჯი არ გამაჩნია. ჩაცმის სტილი ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული – კლასიკა, ქეჟუალი... რაც შეეხება სცენას, ამ შემთხვევაში სამოსი სიმღერასთან კავშირში უნდა იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ტიპის სიმღერას ვმღერი.
– უკრაინაში როგორ იცვამენ შოუბიზნესის წარმომადგენლები? თქვენი და ქართველი მომღერლების სტილი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან?
– უკრაინული და ქართული შოუბიზნესი ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. რომ გითხრათ, უკრაინაში განსაკუთრებულად იცვამენ–მეთქი, ასე არ არის. იქ ყველას თავისუფლად აცვია. საქართველოში უფრო მეტად შავი ფერი ჭარბობს. თქვენს ქვეყანაში რომ ჩამოვედი, ამ ფერმა მეც მომხიბლა. თავის დროზე პარიზში კოკო შანელი კოლექციებში შავ ფერს იყენებდა.
უკრაინაში ბევრი – არა, მაგრამ ელიტური შოუბიზნესის წევრები დიზაინერ სერგეი ერმაკოვთან იცვამენ. მისი კოლექციიდან ჩემს გარდერობში ბევრი ნივთია. ის ბრმაა, მაგრამ მართლა ფანტასტიკურ სამოსს კერავს. მიუხედავად იმისა, რომ მოდაზე ჩემი შეხედულებები მაქვს, ერმაკოვის აზრს მაინც ყოველთვის ვითვალისწინებ, რა და როგორ ჩავიცვა. ქართველებს ძალიან ლამაზი და გემოვნებიანი ქალები გყავთ. მომღერალი ნანი ბრეგვაძე ძალიან გემოვნებიანი ქალია.
– როგორია თქვენი შეხედულება მოდასა და მოდურობაზე?
– მოდა ისეთი რაღაც არის, ან უნდა იყო მასში, ან – არა. მოდური ყოველთვის მალე გადის მოდიდან. მე მყავს ერთი მეგობარი, რომელიც მხოლოდ კლასიკურ სამოსს იცვამს. მისი წარმოდგენა ყოველდღიურ ტანსაცმელში ძალიან რთული იქნებოდა.
– ქართველი დიზაინერები მოგწონთ?
– ჩემი ნება რომ იყოს, მხოლოდ ერმაკოვის მოდელებს შევიძენდი, მაგრამ ის უკრაინაშია, მე კი აქ, თქვენთან ვარ. შესაბამისად, ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობა მიწევს. ავთანდილი ძალიან მომწონს. ჩემს გარდერობში მისი 2 კოსტიუმია. ასევე მომწონს თამუნა ინგოროყვას სამოსი. ამჟამად ვმუშაობ სტილისტ ლადო ბოკუჩავასთან. მოდის კვირეულისთვის კოლექციას აკეთებს.
– არის რომელიმე ფერი, რომელსაც თქვენს საკმაოდ ძვირადღირებულ გარდერობში ვერ ვნახავთ?
– კი, ეს არის ბორდოსფერი. ამ ფერს ვერ ვიტან! შეიძლება 60 წლის ასაკში ჩემი შეხედულებები შეიცვალოს, მაგრამ ვერ ვხვდები, ეს ფერი დედამიწაზე რატომ შეიქმნა. ასევე არ მიყვარს იასამნისფერი და იისფერი, თუმცა ამ ფერებთან მიახლოებული ფერების ტანსაცმელი ჩემს გარდერობში არის.
– როგორც ცნობილია, საკუთარ თავზე ხშირად ატარებთ ექსპერიმენტებს და რადიკალურად იცვლით იმიჯს. ერთფეროვნება შინაგანად გბეზრდებათ თუ ესეც შოუს ნაწილია?
– ეს ჩემი სულის ამოძახილი, ჩემი ხასიათია. რომ მკითხოთ, მაქვს თუ არა რომელიმე საყვარელი კაბა, გეტყვით, რომ ასეთი ჩემს გარდერობში არ მოიძებნება. იმიჯს მართლაც ხშირად ვიცვლი. რატომ არ უნდა მივცე საკუთარ თავს ამის უფლება?! როცა საქართველოში ჩამოვედი, მოხიბლული დავრჩი ქართველი ქალების სილამაზით და ამიტომ მოვისურვე, ჩემი ღია ფერის თმა გამემუქებინა. მინდოდა, მეგრძნო, როგორია ამ ფერის თმით ცხოვრება.
ახალი წელი რომ დგებოდა, სწორედ იმ ღამეს გადავწყვიტე, ღამის 12 საათს ქერა თმით შევხვედროდი. რამდენიმე საათით ადრე სტილისტთან მივედი თმის შესაღებად. საახალწლო კონცერტამდე უკვე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი. თმა შეღებილი მქონდა, მხოლოდ ტონირება იყო გასაკეთებელი, რომ შემთხვევით ყუთში შავი საღებავი აღმოჩნდა და ქერა ტონირების ნაცვლად შავი გამიკეთეს. ქერას ნაცვლად შავთმიანი გავხდი. მთელი სალონი ფეხზე დადგა. ყველას ეგონა, რომ ისტერიკას მოვაწყობდი, მართლა ძალიან შეწუხდნენ, მაგრამ მე მშვიდად ვიყავი და სტილისტს ვაწყნარებდი. ვუთხარი, შენ არ ინერვიულო, ზუსტად ვიცი, რომ კონცერტზე ქერა თმით გავალ–მეთქი. ასეც მოხდა, თავიდან შემიღებეს. კონცერტზე პირდაპირ სილამაზის ცენტრიდან წავედი. მისვლისთანავე მიკროფონი მომაჩეჩეს და გამოაცხადეს: "სცენაზეა ივანა მელაი!". ავედი და პირველი, რაც დავიძახე, იყო: "თბილისი, ქამონ!" (ინგლ. "თბილისო, წავიდა!" – რედ.).
– საკუთარ თავზე ჩატარებული არც ერთი ექსპერიმენტი არ გინანიათ?
– ცხოვრებაში არასოდეს არაფერს ვნანობ. ეს ძალიან დიდმა ადამიანებმა მასწავლეს. იმას, რაც ხდება, ვერსად გავექცევით. მომხდარს სინანული ვეღარაფერს უშველის. ამაზე ფიქრი, უბრალოდ დროის კარგვაა. თუ გაქვს საშუალება, შეცდომას გამოასწორებ. სხვა შემთხვევაში უნდა დაივიწყო.
– უახლოეს მომავალში ხომ არ გეგმავთ რაიმე ცვლილებას?
– თქვენ ფიქრობთ, რომ ამას წინასწარ ვგეგმავ ხოლმე? უბრალოდ ასეთი ხასიათის შტრიხი მაქვს, რომ შეიძლება უცებ შემოვატრიალო ყველაფერი. გეგმაში არაფერი მაქვს.
– ანუ ახლა თუ ქერა თმა გაქვთ, შეიძლება ჩვენი ჟურნალი რომ გამოვა, უკვე სხვა ფერის თმა გქონდეთ?
– არავინ იცის, ხვალ როგორი ვიქნები. როდესაც საქართველოში ჩემს კლიპს ვიღებდი, შავი თმა მქონდა, მაგრამ კლიპის პრეზენტაციაზე ქერა ვიყავი. მეც არ ვიცი, ხვალ რომ გავიღვიძებ, რისი შეცვლა მომინდება საკუთარ გარეგნობაში.
– დიზაინერებს ბრმად ენდობით თუ თქვენი მოთხოვნები და პრეტენზიები გაქვთ?
– არა, მე არ მაქვს პრეტენზიები. შემოქმედი ადამიანი ვარ და ის იდეა, რომელიც ჩემთან მოდის, ღვთისგანაა. მუშაობის დროს პრეტენზიული არ ვარ. უმეტეს შემთხვევაში სხვების აზრს ვითვალისწინებ, თუმცა ყოველთვის ვიცი, რა მინდა. დიზაინერებს ფულს ვუხდი და ჩემს იმიჯზე ზრუნვას, კოსტიუმების შეკერვას მათ ვუკვეთავ. სინქრონულად ვმუშაობთ, როცა საკონცერტო კოსტიუმებზე თუ უბრალოდ ყოვედღიურ სამოსზეა საუბარი.
– ერთხელ ერთმა ქართველმა მომღერალმა ქალმა მითხრა, სცენაზე რომ მაღალყელიანი ჩექმით და მოკლე კაბით გავიდე, მაყურებლისგან შეიძლება ბოთლი მომხვდეს თავშიო. უკრაინელი მაყურებელი ამაზე როგორ რეაგირებს?
– ეს ყველაფერი გემოვნების საკითხია. შოუბიზნესში ადამიანები იცვამენ გემოვნებიანადაც და ძალიან უგემოვნოდაც. მაგალითად, ლაიმა ვაიკულე არის ქალი, რომელსაც შესანიშნავი გემოვნება აქვს. ძალიან სასაცილოდ იცვამს ვერკა სერდიუჩკა. ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი ასეთია, რომ ყველამ ის უნდა ჩაიცვას, რაც უნდა და უხდება. როცა სამოსი კომფორტს გიქმნის, მომღიმარი სახე გაქვს და თავდაჯერებული ხარ. ძალიან ხშირად ამბობენ, ივანა მელაი საცურაო კოსტიუმში ან ბოდეში გამოწყობილი გამოდისო. იმ ადამიანებს, ვინც თამამად ჩაცმას აკრიტიკებს, ვეტყოდი – თავიანთი ბავშვები ცირკში ხომ დაჰყავთ? აკრობატ ქალებსაც აცვიათ საცურაო კოსტიუმები და თუ მათ ასეთი ჩაცმულობა აღიზიანებთ, მაშინ რატომ ატარებენ შვილებს ასეთ ადგილებში? მოდის კრიტიკოსებზე შემიძლია გითხრათ, რომ თავიანთ პროფესიაში ხელმოცარულები არიან და პროფესიონალებად ვერ შედგნენ. ალექსანდრ პუშკინი გავიხსენოთ, შეიძლება მან თავისი ლექსები შიშველმა დაწერა, მაგრამ ამ ადამიანმა ლიტერატურისთვის გენიალური რამ შექმნა. არავინ კითხულობს, ლექსებს რომ წერდა, რა ეცვა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ფანებმა ჩვენს ჩაცმულობას კი არ უნდა უყურონ, არამედ მუსიკა მოისმინონ.
რა თქმა უნდა, გემოვნებით ჩაცმა ძალიან მნიშვნელოვანია. იმ მომღერალს, ვინც თქვენ ეგ გითხრათ, თუკი მსმენელის გამო არ უნდა მაღალყელიანი ჩექმის და მოკლე კაბის ჩაცმა, ნუ ჩაიცვამს. მთავარია, საკუთარ თავში დარწმუნებული იყოს.
– თქვენს გარდერობში ყველაზე ძვირფასი რა არის?
– ჩემს გარდერობში, მატერიალური თვალსაზრისით, ყველაზე ღირებული ალბათ ერმაკოვის ქურქია, რომელიც სიასამურის ბეწვისგანაა შეკერილი. ძალიან ბევრი მარგალიტი და ძვირფასი ქვაა გამოყენებული. ამ ქურქის შესაქმნელად სპეციალურად ჩემთვის პარიზიდან ჩამოიტანეს უნიკალური მაქმანი, შეიძლება ითქვას, რომ ეს მაქმანი მსოფლიოში ერთადერთია, მას შემდეგ ასეთი აღარ გამოსულა. როდესაც ზამთარში სცენაზე ამ ქურქით გამოვდივარ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. თეთრი და ქათქათაა. რაც შეეხება ფასს, ამას ვერ დავასახელებ, რადგან კორექტული არ იქნება არც ერმაკოვისთვის და არც ჩემთვის. მინიშნებით გეტყვით, რომ ამ ქურქის ფასად ძალიან კარგი მანქანის შეძენაც კი შეიძლება.
რაც შეეხება იმას, თუ პირადად ჩემთვის რა არის ძვირფასი, უნდა გითხრათ, რომ მატერიალურს არ ვანიჭებ მნიშვნელობას. ყველაზე ძვირფასი ის სამოსია ჩემთვის, რასაც ახლო მეგობრები და საყვარელი ადამიანები მჩუქნიან. ეს ტანსაცმელი ჩემთვის ფასდაუდებელია.
– როგორ ფიქრობთ, სამოსი არის პიროვნების განმსაზღვრელი?
– ჩემთვის ადამიანების სტატუსს, ფულს, სამოსს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე დიდ მნიშვნელობას იმას ვანიჭებ, თუ რა სიღრმეა ადამიანში. ჩაცმა ძალიან პირობითია. ყველაზე მდიდარი ადამიანებიც კი, ისინი, ვინც ძვირადღირებულ სამოსს იცვამენ, მოკრძალებულად წარმოაჩენენ ბრენდებს. ძვირფას კაბაშიც კი უბრალოდ უნდა გამოიყურებოდე. ვფიქრობ, ეს კარგი ტონია.
წყარო