• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2017
article

მალტაში გავლენიანი ჟურნალისტი და ბლოგერი მანქანაში ააფეთქეს

მალტაში გავლენიანი ჟურნალისტი და ბლოგერი მოკლეს. კარუანა გალიცია პანამის დოკუმენტებსა და ოფშორულ გარიგებებს იძიებდა. ჟურნალისტი მისივე სახლთან, მანქანაში ააფეთქეს.


ცნობილია, რომ მკვლელობამდე ორი კვირით ადრე გალიციამ პოლიციაში განაცხადა, რომ მას ემუქრებიან და უთვალთვალებენ. თავდასხმას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ.

გალიცია ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი კრიტიკულ სტატიებს წერდა და ე.წ. პანამის დოკუმენტების საფუძველზე, მალტის პრემიერი კორუფციაში დაადანაშაულა. სწორედ გალიციას სტატიის შემდეგ დაიწყო პრემიერმინისტრის წინააღმდეგ გამოძიება.

მკვლელობას პრემიერმინისტრი უკვე გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. ჯოზეფ მუსკატის ინფორმაციით, გამოძიებაში ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

Wikileaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაციისთვის, რომელიც მალტაში მოკლული ჟურნალისტის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, 20 ათასს ევროს იძლევა.