• თბილისი
  • 14°C
  • 17 ოქტომბერი, 2017
article

რუსეთში შესაძლოა, Facebook-ი დაიბლოკოს

რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელი, ალექსანდრ ჟაროვი ფეისბუკის დაბლოკვით დაიმუქრა.

როგორც ალექსანდრ ჟაროვმა განაცხადა, თუ ფეისბუკი მომხმარებელთა მონაცემების შესახებ ინფორმაციას რუსეთში განლაგებულ სერვერებზე არ გადაიტანს, ქვეყნის ტერიტორიაზე ვებგვერდზე წვდომა შეიზღუდება.

„კანონი ყველასთვის ერთია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ის შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ის, რაც Linkedin-ის შემთხვევაში მოხდა. კომპანია უბრალოდ შეწყვეტს მუშაობას რუსეთის ტერიტორიაზე“- განაცხადა ჟაროვმა.

2015 წელს რუსეთში ძალაში შევიდა კანონი "პერსონალური მონაცემების შესახებ". ახალი კანონის მიხედვით, ნებისმიერმა ადგილობრივმა და უცხოურმა კომპანიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეებთან მუშაობს, ბაზების სისტემატიზაცია, დაგროვება, შენახვა და მოქალაქეების პირადი ინფორმაციის დაზუსტება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სერვერებზე უნდა გააკეთოს.

„როსკომნადზორის“ ხელმძღვანელის თქმით, მთავრობამ იცის, რომ Facebook-ს რუსეთში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი სოციალური ქსელი.