საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე 59 დღე რჩება. არჩევნების დანიშვნის თარიღი ჟურნალისტებს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გუშინ აცნობა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ საპარლამენტო არჩევნები და კამპანია სამაგალითო იქნება. მიხეილ სააკაშვილი კი დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება, ქართული დემოკრატიის სიმწიფისა და სიცოცხლისუნარიანობის.
„პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის მზაობას, რომ შემოდგომაზე დანიშნული არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საარჩევნო კამპანია კი, ღია და გამჭირვალე. დღეს კიდევ ერთხელ გვინდა გამოვთქვათ რწმენა, რომ ეს არჩევნები და კამპანია იქნება სამაგალითო. პრეზიდენტი ჯერ კიდევ აპრილის თვეში გამოვიდა ინიციატივით გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევის თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობამ აქტიური კონსულტაციები დაიწყო, ევროკავშირის, ეუთოს, ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან და სხვა საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
არჩევნების თარიღის დასახელებამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ტრადიციულად აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. არჩევნების პირველ ოქტომბერს ჩატარება ოლიგარქის პარტიისათვისაც მისაღები აღმოჩნდა. „ჩვენ ნებისმიერ თარიღზე თანახმა ვართ“,- აღნიშნა პრესა.ჯი“-სთან საუბრისას „ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
„პრესა.ჯი“- მ შეფასება ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს სთხოვა.
–ბატონო ნიკა რა პლიიუსები და მინუსები აქვს საპარლანენტო არჩევნების 1 ოქტომბერს ჩატარებას?
- ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, რომ საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე გაიმართებოდა. პარტიების უმრავლესობა კარგა ხანია ჩართულია წინასაარჩევნო პროცესში. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას ამ კუთხით მინუსს ვერ მოუძებნი.
–რაც შეეხება ორშაბათ დღეს, გაირკვა, რომ ქართველი ამომრჩეველი თავის არჩევანს კვირის დასაწყისში გააკეთებს...
- საპარლამენტო არჩევნების ორშაბათ დღეს დანიშვნა, არჩევნებზე მოსახლეობის მაღალ აქტივობას შეუწყობს. 2 თვე სრულიად საკმარისია პოლიტიკოსებმა წინასაარჩევნო კამპანია რომ გამართონ.
მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო პირების ნაწილს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა უკვე აეკრძალა. "საარჩევნო კოდექსის" თანახმად წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით.
არჩევნების დანიშვნის დღიდან, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს, დაამზადოს წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.
საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა კი არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.
კანონის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა; მოსამართლისა; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა; გენერალური აუდიტორისა; საქართველოს სახალხო დამცველისა; უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა; საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.
ამას გარდა, აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სასამართლოებსა და სამხედრო ნაწილებში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ იმართება. 2008 წელს გამართულ არჩევნებში, ხმების უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობამ“ მიიღო.