წინასაარჩენო პერიოდში, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ მომზადებული კანონპროექტი ინიცირებულია. პარლამენტი ცვლილებებზე მსჯელობას დღეს დაიწყებს, პროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარე კვირის ხუთშაბათის სხდომაზე მოხდება, ხოლო 29 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე, ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით დამტკიცდება.
ე.წ. Must Carry–ის პრინციპის შემოღებასთან დაკავშირებით, ცვლილება „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის თანახმად, საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია – მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში მაუწყებლობს.
ინიციატივით, აღნიშნული პუნქტის სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს – ქვეყნის მთელი ტერიტორია. კერძოდ, ამ შემთხვევაში, მაუწყებელს ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოეშვება.
პროექტის ერთ–ერთი ავტორის, ნუგზარ წიკლაურის განმარტებით, Must carry-ს პრინციპის მიხედვით, თუ რომელიმე ტელეკომპანიის ლიცენზია მხოლოდ კონკრეტულ ადგილზე ვრცელდება, მათი სიგნალი მხოლოდ ამ ტერიტორიაზე გადაიცემა.
„მაგალითად, „25–ე არხი“ თუ აჭარის ფარგლებში მაუწყებლობს, მხოლოდ ის საკაბელო მაუწყებლები იქნებიან ვალდებულები „25–ე არხი“ ჩართონ, რომლებიც აჭარაში ფუნქციონირებენ. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ნორმა, არა მხოლოდ ორი თვის, არამედ შემდეგაც უნდა მოქმედებდეს. თუმცა, კერძო ბიზნესის დავალდებულება, მისი მთელი საქმიანობის განმავლობაში, ესა თუ ის სატელევიზიო არხი გადასცეს, სამართლიანი არ იქნება. ამ ორთვიან პერიოდში მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი არსებობს“, – განუცხადა პრესა.ჯი–ს კანონმდებელმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან, საკაბელო მაუწყებლებს ვალდებულება უჩნდებათ, რომ საქართველოში ავტორიზებული ყველა მაუწყებლის სიგნალი გადასცენ.
რაც შეეხება იმ საკითხს, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის ნორმა თუ რა დრომდე გავრცელდება, კანონმდებელი აცხადებს, რომ ეს პრინციპი არჩევნების დღემდე იმოქმედებს.
„ეს არის პერიოდი, როდესაც ყველამ თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს. არჩევნების დღე პოლიტიკური პარტიებისთვის, როგორც საარჩევნო აგიტაციის დღე, საერთოდ არ არსებობს. თუ ვინმეს ხალხისთვის რაიმე სათქმელი აქვს, მას ამის სრულფასოვანი შესაძებლობა ექნება. ეს, მაღალი დემოკრატიული სტანდარტის ნიმუშია“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის პრინციპის შემოღების ინიციატივით, კამპანია „ეს შენ გეხება“ გამოვიდა. საკითხზე, თავდაპირველად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონსულტაციები პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილთან გამართეს, თუმცა უმრავლესობამ პროექტი არ მოიწონა, იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნებოდა. პარლამენტის უარის შემდეგ, კამპანიამ Must carry-ის პრინციპთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ინიცირების მიზნით, მოსახლეობაში 30 ათასი ხელმოწერის შეგროვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მოგვიანებით, დავით ბაქრაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ ამ პრინციპს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ემოქმედა.