საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 2012 წლის შემოდგომაზე გაიმართება პოლონელი დამკვირვებლები საქართველოში ევროკავშირის, ეუთო–სა და ევროსაბჭოს ფორმატში ჩამოვლენ.
ამის შესახებ პოლონეთის სენატის მარშალმა, ბოგდან ბორუსევიჩმა საქართველოს პარლამენტში, ქართველ კოლეგასთან, დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქართულ–რუსულ ურთიერთობებსა და საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.
ბორუსევიჩის განცხადებით, მას საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ თხოვეს, რომ არჩევნებზე პოლონეთმა ცალკე სადამკვირვებლო ჯგუფი გამოგზავნოს.
„ასეთი ჯგუფის გამოგზავნაც პრობლემას არ წარმოადგენს. ეს, უფრო მეტად ლოჯისტიკისა და ფინანსურ საკითხებს უკავშირდება,“ – აცხადებს ბორუსევიჩი.
ამ საკითხის გარდა, პოლონეთის სენატის მარშალმა, საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო–ში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციასა და ევროკავშირთან დაახლოებას, პოლონეთი მხარს უჭერს.
„შეხვედრაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებაც ვისაუბრეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კარგი ტემპით მიმდინარეობს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალი წლის შემოდგომაზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის შეთანხმება გაფორმდება“, – აღნიშნავს პოლონელი პოლიტიკოსი.
პოლონეთის სენატის მარშალის ინფორმაციით, ივლისში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები განახლდება.
„იმის გამო, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, იმედია, მოლაპარაკებები წარმატებული იქნება“, – აღნიშნავს ბორუსევიჩი.
ამასთან, ბორუსევიჩმა პოლონეთსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ორ მეგობარ სახელმწიფოს ხშირი კონტაქტები და აქტიური თანამშრომლობა აქვთ.
„თანამშრომლობა არა მხოლოდ პარლამენტის წევრებს, არამედ ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორისაც არის. ივლისის ბოლოს პოლონეთის სეიმში საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ჯგუფს ველოდებით,“ – ამბობს ბორუსევიჩი.
თავის მხრივ, პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ყურადღება დავით ბაქრაძემაც გაამახვილა.
მისი შეფასებით, საქართველოსა და პოლონეთს შორის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მჭიდრო პარტნიონულ–მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა.
„ეს შეეხება საპარლამენტო ურთიერთობას. ჩვენი კოლეგები ერთმანეთს ძალიან ახლოს იცნობენ და თანამშრომლობენ კიდეც. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ამ საპარლამენტო ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის დელეგაციის წევრები საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მოწვევით ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის დელეგაცია, ხვალ, ქუთაისს ეწვევა, სადაც პარლამენტის ახალ შენობასა და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს. ამასთან, ხვალვე, სტუმრები ბათუმში ჩავლენ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეს შეხვდებიან.
მარშალ ბოგდან ბორუსევიჩის ოფიციალური ვიზიტი 28 ივნისს დასრულდება.