ცხინვალის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ და კონტროლის პალატამ რუსული დახმარების - კოლოსალური ფინანსების არამიზნობრივად გამოყენებისა და ძარცვის შოკისმომგვრელი მასალა წარმოადგინა.
ედუარდ კოკოითის ჩინოვნიკები მილიონებს არადანიშნულებისამებრ ხარჯავდნენ. მართალია, ჯერ მხოლოდ ერთგვარი, წინასწარი გამოძიება ჩატარდა, მაგრამ ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისათვის საფუძველი საჭიროზე მეტი არსებობს. თანაც, შესაძლოა, პასუხი მოეთხოვის თვით კოკოითის გუნდის უახლოეს წევრს, ყოფილ ე.წ. გენერალურ პროკურორს თეიმურაზ ხუგაევს, რომელიც, როგორც შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, შეგნებულად აჭიანურებდა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში რუსული დახმარების დატაცების თემაზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას.
ამჯერად უკვე უკვე აღძრულია 5 სისხლის სამართლის საქმე. სიტუაციას ართულებს ის, რომ სამშენებლო კომპანიები და კონტრაქტორები, რომლებსაც თავის დროზე წინასწარ ჩაურიცხეს შესასრულებელი სამუშაოების ფული, არ იმყოფებიან ცხინვალის ტერიტორიაზე. მათმა უმრავლესობამ ისე დატოვა რეგიონი, რომ ნახევარი სამუშაოც კი არ შეასრულა. ეს კომპანიები ახლა რუსეთის ტერიტორიაზე არიან და საეჭვოა, რუსულ კომპანიებთთან ასეთი ტიპის დავა ცხინვალმა მოიგოს, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ რუსული დახმარების „წილში“ ადგილობრივ ჩინოვნიკებზე უფრო მეტად ძირითადად, რუსი ჩინოვნიკები ისხდნენ, რომლებიც ე.წ. „ატკატებზე“ სწორედ ასეთი კომპანიების საშუალებით მუშაობდნენ.
ე.წ. კონტროლის პალატის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის მონაცემებით, გამოვლენილია ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვის აღმაშფოთებელი მასშტაბები. საუბარია მილიონებზე. მაგალითად, მხოლოდ, ე.წ. ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად გამოყოფილი 600 ათასი რუბლიდან ნახევარი გამქრალია. ასეთივე სიტუაციაა ე.წ. მშენებლობის სამინისტროშიც, რომელსაც, როგორც ირკვევა, სოლიდური თანხები ერიცხებოდა, მაგრამ ის შენებაზე ნამდვილად არ დახარჯულა.
ადგილობრივმა სააგენტო „ოსინფორმმა“ ე.წ. მშენებლობის მინისტრთან ანატოლი მაშელკინთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის მიერ ცხინვალისთვის 2015 წლამდე 16 მილიონი რუბლის გამოყოფაზეა საუბარი. ამ თანხით ახალ მარიონეტულ რეჟიმს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს. ცხინვალში წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა და ამიტომაც, ერთ-ერთ პირველ ამოცანად ე.წ. მინისტრმა ქუჩების რემონტი დაასახელა. ასევე იმ ობიექტების აღდგენა, რომლებშიც ფული, შესაძლოა, გადახდილია, მაგრამ მშენებელმა კომპანიამაც და მისმა დამკვეთმაც ამ ფულით ხელი მოითბეს და საქმე ნახევრამდეც კი ვერ მიიყვანეს.
ამასთან, მაშელკინი ამბობს, რომ დაფინანსება არ შეეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დანგრეულ და დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს, რადგან ამ სახლების მშენებლობის დამკვეთი „აღდგენის სახელწმიფო კომიტეტი“ იყო, რომელიც ლიკვიდირებულია და მისი უფლებამოსილებები მშენებლობის სამინისტროს ჯერ არ გადასცემია. „ამიტომ ამ ობიექტებზე, ჯერ-ჯერობით, ვერაფერს გეტყვით,“ - განაცხადა მაშელკინმა.
გარანტია იმისა, რომ მორიგი რუსული დახმარება მიზნობრივად დაიხარჯება, არც ამჯერად არსებობს. კონტრაქტორების დაფინანსების წესი და კონტროლის მექანიზმი არც კოკოითის დროს არსებობდა და არც ახლა გახსენებია ვინმეს.
ამ ფონზე კი, როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, ცხინვალში მასობრივი უკმაყოფილება უკვე ახალი რეჟიმის მიმართაც ყოველდღიურად იზრდება. უფლებადამცველი ფატიმა მარგიევა ამბობს, რომ საქმეში არც მათ ივარგეს, ვინც კოკოითის რეჟიმს ებრძოდნენ. მაგალითად, გასულ კვირას ე.წ. მთავრობის სახლთან ორი სოფლის მოსახლეობის შეკრება გაიმართა, რომლებიც ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრას ითხოვდნენ იმის გამო, რომ გაუსაძლის პირობებში ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ე.წ. მთავრობაში პოპულარული ოპოზიციონერების - ალა ჯიოევასა და გენერალ ბარანკევიჩის დანიშვნამაც ჯეჯერობით, ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო.
მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი უკვე გახდა ახალი ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკა, რომელსაც ბანალურ როტაციად აღიქვამენ, როცა პოსტებს ისევ ძველი, კარგად ნაცნობი და კორუფციის ჭაობთან ასოცირებული კადრები იკავებენ და თანაც ისევ ნათესაური და ნაცნობ-მეგობრული პრინციპით. თიბილოვის გუნდს უკვე „პენსიონერების“ გუნდი შეარქვეს კიდეც და ეჭვი ეპარებათ, რომ ძველი, განსაკუთრებით საბჭოთა ფორმაციის ადამიანები ახლებურად მუშაობას შეძლებენ.