• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

"ზვიადს ვიცნობდით, როგორც ქალებში მოტანტალე კაცს, რომელიც ყველა მეორე გოგოს ეტორღიალება"

კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას ინფორმაციით, ორგანიზაცია „სიდას“ დირექტორის ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ საჩივრები მზადდება.

ამის შესახებ პატარაია „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, ის შეხვდა იმ ქალებს, რომლებიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

„გუშინ შევხვდი იმ ქალებს, რომლებიც ზვიად დევდარიანს ძალადობაში ადანაშაულებენ. სრულიად განადგურებული ვარ იმით, რაც მოვისმინე: ზოგიერთ შემთხვევა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სექსუალური შევიწროებაა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაული. ძალადობის ბევრი მსხვერპლი მინახავს და ჩემთვის ძალიან ნაცნობია მათი ტანჯვა, სირცხვილი, ცრემლები.

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და რომელსაც გულში იმედი ჩაუქრა, როცა იფიქრა, რომ მე მათ ჩემ მეგობრებზე წინ არ დავაყენებდი.

ყოველთვის დავგმობ ძალადობას, ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის და ყოველთვის ვიქნები ჩაგრულის გვერდით. თუ ვინმეს ამაში ეჭვი შეეპარა, ესე იგი მე სათანადოდ ვერ გამოვხატე ჩემი სათქმელი“,– წერს პატარაია.

პატარაიას თქმით, ქალები, რომლებიც „სიდას“ დირექტორს ძალადობაში ადანაშაულებენ, დევდარიანის შესაძლო კარიერულმა წინსვლამ აალაპარაკა.

„მინდა ყველამ გაიგოს, რომ უმეტესობა ჩვენგანი ზვიადის ვიცნობდით, როგორც ქალებში მოტანტალე კაცს, რომელიც ყველა მეორე გოგოს ეტორღიალება; მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რომ ის ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურებრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე. მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის სექსუალურ თავისუფლებას, მაგრამ ქალების შევიწროებას და ძალადობას ვერ შევეგუები.

გაჩნდა კითხვებიც – რაღა ახლა წამოიწყო ქალთა მოძრაობამ ეს კამპანია? სად იყავით აქამდე? ზოგს ისიც კი ჰგონია, რომ ეს კამპანია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსს უკავშირდება. მინდა იცოდეთ, რომ ქალებმა საკუთარი რეალური ამბები ქალთა მოძრაობის ჯგუფში მხოლოდ ორი დღის წინ მოყვნენ.

ზვიადის შესაძლო კარიერულმა წინსვლამ აალაპარაკა მსხვერპლი ქალები – გვეყო მოძალადე კაცები მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

მე კონკურსს პირველი გამოვეთიშე სწორედ იმის დასამტკიცებლად, რომ კონკურსი კავშირში არ არის ზვიად დევდარიანის მხილებასთან ქალთა მოძრაობის მიერ. ვერავინ იტყვის, რომ ქალთა მოძრაობამ კონკურენტი ჩამოიშორა, რადგან მე კონკურსში აღარ ვმონაწილეობ და არავის კონკურენტი არა ვარ.

სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი მოძალადე კაცია თანამდებობის პირი, იმედია ყველას გამოააშკარავებენ ქალები. მანამდე კი ქალთა მოძრაობის ბრძოლა სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლებს. ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მზადდება საჩივრები „საფარის„, საია-სა და PHR-ის დახმარებით.

ქალებო, ამოიღეთ ხმა, თქვენ არა ხართ მარტო!“,- წერს ბაია პატარაია.