• თბილისი
  • 6°C
  • 20 თებერვალი, 2018
article

ივანიშვილის Bitfury ჯგუფი, მეტროზე 5-ჯერ და რკინიგზაზე 2-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს

ე.წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში აშენებული Bitfury ჯგუფის დატა ცენტრი, რომელიც გლდანში მდებარეობს, თბილისის მეტროპოლიტენზე 5-ჯერ და საქართველოს რკინიგზაზე 2-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.

Bitfury ჯგუფი, რომელიც ბიტკოინების მაინინგზე მუშაობს, სახელმწიფოსაგან ელექტროენერგიას შეღავათიან ფასში იღებს, ხოლო იმის გამო რომ მისთვის სპეციალურად შექმნეს ე.წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონა,საქართველოს ბიუჯეტში გადასახადებსაც კი არ იხდის.

Bitfury ჯგუფის მთელი ბენეფიტი ქართულ ეკონომიკაში 200-მდე დასაქმებული ადამიანია გლდანსა და გორში (Bitfury ჯგუფს დატა ცენტრი გორშიც აქვს).

თუმცა, გაცილებით მეტია ზიანი, რომელიც ბიტკოინების ე.წ. „დაზგამ“ ქვეყანას, კონკრეტულად კი, მის ენერგიტიკას მოუტანა.

მაგალითად: „კომპანია BitFury საქართველოში ოპერირებს და მას ბიტკოინის მაინინგის სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ მოიხსენიებენ მსოფლიოში.

2016 წლის მონაცემებით, BitFury არსებული ბიტკოინების 15%-ის მაინინგს ახორციელებდა“, - წერს დასავლური მედია.

ე.წ. მაინინგის დროს, კომპიუტერი, სისტემაში ახალ ბიტკოინებს უშვებს, რომელიც მათემატიკურ ალგორითმებს ემყარება.

თუმცა, ბიტკოინის მოპოვება ახლა გაცილებით გართულებულია, რის გამოც, ე.წ. მაინინგისათვის უფრო მეტი ელექტროენერგია არის საჭირო.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დატა ცენტრს შეღავათიან ფასში აძლევს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას და სამაგიეროდ, თითქმის არაფერს იღებს.

მეტიც, BitFury-ის ქარხანა სპეციალურად მდებარეობს ისეთ ადგილას, სადაც ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გადის.

ამის მიზეზი კი ისაა რომ ივანიშვილის კომპანიას ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისათვის ხარჯები არ გაეზარდოს.

რაც შეეხება მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას, Bitfury ჯგუფი თვეში დაახლოებით 27-28 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს.

თბილისის მეტროპოლიტენი თვეში საშუალოდ, 5,3 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგიას ხარჯავს.

„საქართველოს რკინიგზას“ კი, თვეში 13-15 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგია სჭირდება.

და ბოლოს, დღესვე ცნობილი გახდა რომ Bitfury ჯგუფმა, თბილისში, კერძოდ კი, გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა.

დატა ცენტრის ახალი მფლობელი ჩინური Chong Sing Holdings-ია. 

ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა, წილობრივი კავშირი ქართველ მილიარდელს ჩინურ კომპანიასთან.

თუმცა, ექსპერტთა ვარაუდით, გამორიცხული არაა რომ ივანიშვილმა, გლდანში მდებარე „ბიტკოინების საჭრელი დაზგა“ უბრალოდ, სხვა, საერთაშორისო კომპანიას გადააბარა, რათა ამ თემის მიმართ საზოგადოებაში დაგროვილი სამართლიანი პრეტენზია როგორმე თავიდან აიცილოს.