• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

„დღეს 7 წლის ლიზი გაკვეთილზე ვერ მივიდა, ვერც 16 წლის მარიკა...“ - ექიმის ემოციური წერილი

სასწრაფოს ექიმმა, რომელიც თემქაზე, ავარიის ადგილას სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მივიდა, მომხდარის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: 

„დღეს 7 წლის ლიზი გაკვეთილზე ვერ მივიდა.... ვერც 16 წლის მარიკა... იმიტომ რომ მანქანის მორიგ არასწორ მანევრირებას, გადაჭარბებულ სიჩქარეს და უყურადღებობას თავისი საზღაური აქვს, სიცოცხლით გადასახდელი საზღაური...
არ მიყვარს მძიმე თემებზე წერა, მაგრამ ახლა დავწერ!
ჩემი 1000 ფეისბუქ მეგობარიდან ერთი მძღოლი მაინც თუ წარმოიდგენს, რას ნიშნავს ექიმისთვის ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება! როცა ხვდები, როგორი უმწეო ხარ ამ პატარა გოგოს დამტვრეული სახის წინაშე, მთელი გზა ყვირი "ჩქარა", არადა ისედაც არანორმალური მანევრებით ცდილობს მძღოლი დილის საცობებისგან თავის დაღწევას... კლინიკის ყველა ექიმს შენსავით ეწვება თვალები ცრემლებისგან და ყველა ერთად ცდილობთ პატარა, აზელილი სხეულიდან სიცოცხლე არ გაგეპაროთ...
იცით თქვენს მიერ საჭის ერთ არასწორ მოძრაობას სიკვდილი რომ მოაქვს?? ამ სიკვდილს დღეს ჩემთვის ლიზი ერქვა, ულამაზესი, სიფრიფანა ლიზი... #გთხოვთ #იარეთ #ნელა!" - წერს სასწრაფოს ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილმა.

შეგახსენებთ, თემქაზე დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა. 7 წლის გოგონა იაშვილის სახელობის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. 16 წლის გოგონა, კი უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს მე-5 საავადმყოფოში, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.