• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

"მის ევრაზია 2017" ქართველი გოგონა გახდა

სააგენტო „კატრინის" ქართველი მოდელი მერი ტარიელაშვილი სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე Future fashion faces world „მის ევრაზია 2017"-ის ტიტულის მფლობელი გახდა. კონკურსის ფინალი თურქეთის კურორტ ანტალიაში 11 ნოემბერს გაიმართა.

სილამაზის კონკურსზე ერთმანეთის კონკურენტი 20 ქვეყნის 40 წარმომადგენელი იყო. ტარიელაშვილმა ეროვნულ კონკურსზე Future fashion faces Georgia ივლისში გაიმარჯვა და საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის უფლება მიიღო.

კონკურსზე მერი გავიდა ტრადიციულ ქართულ ეროვნულ სამოსში, ასევე მონაწილეობდა ისეთ ტურებში, როგორიცაა: წითელი და თეთრი კაბები, დიზაინერული სამოსი და Fashion vision, სადაც მოდელები თავად ირჩევენ სამოსს, რომლითაც ჟიურის წინაშე უნდა წარდგნენ, რათა თანამედროვე მოდის საკუთარი ხედვა აჩვენონ.

კონკურსის შემდეგ მერიმ მოდის უცხოური სახლებიდან ბევრი წინადადება და მიწვევა მიიღო. თურქმა დიზაინერებმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და მისი პორტფოლიოს გადასაღებად თბილისში ჩამოსვლას აპირებენ.

ტარიელაშვილი სამოდელო ბიზნესში უკვე 10 წელია მოღვაწეობს. პროფესიით ფსიქოლოგია. ამბობს, რომ სამოდელო კარიერა სწავლასა და სპეციალობით მუშაობაში ხელს არ უშლის.

„დამიჯერეთ, რომ ერთი პროფესია მეორეს სულ არ უშლის ხელს. მომწონს ჩემი საქმე. ყოველი წარმატება სტიმულს მაძლევს და უფრო მეტის გაკეთება მინდება. ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც ანტალიაში ფოტოსესიისთვის მხოლოდ ხუთი გოგონა შეარჩიეს, მათ შორის, მეც. სასიხარულო იყო ფოტოსესიაში მონაწილეობა", — აღნიშნა ტარიელაშვილმა.