• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

"თბილისში მამაკაცებს გრძელი თმები აქვთ, ქალები კი ბევრს ეწევიან" - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შთაბეჭდილებები

აზერბაიჯანული გამოცემის „ეხოს“ ჟურნალისტმა ოქსანა ბულანოვამ საქართველოში იმოგზაურა და თავისი შთაბეჭდილებები სტატიაში აღწერა. გთავაზობთ მასალის შემოკლებულ თარგმანს.

"უკანასკნელ ხანს, აზერბაიჯანელებისთვის კარგი ტონი გახდა, როცა საკუთარ ქვეყანას მეზობელ საქართველოს და ყველაზე ახლოს მდებარე უცხოურ ქალაქს - თბილისს, ბაქოს ადარებენ. ისინი პირდაპირ კრიტიკაზე გადადიან და ნეგატიურ შეფასებებს არ იშურებენ - ჩვენთან, ბაქოში, ყველაფერი ცუდი და ულამაზოა, თბილისი კი ბრწყინავსო. თავდაპირველად იწყებენ საზღვრით - ჩვენი მესაზღვრეები უხეშები არიან, პატივს არ გცემენ, ქართველები კი  პირდაპირ თვალებში შემოგციცინებენ, საზღვარზე ხუთ წუთში გადადიხარო. გზები არაჩვეულებრივად გამოიყურება, პოლიციელები ქრთამს არ იღებენ, ყველგან სისუფთავეა, თბილისში ყველა გიღიმის, ხელისუფლება ზრუნავს ქალაქის ისტორიული სახის შენარჩუნებაზე და საერთოდაც, თბილისი ნამდვილი სამოთხეაო. ამიტომ მე თვითონ გადავწყვიტე ამ ყველაფრის შემოწმება.

თბილისში უკანასკნელად ათი წლის წინ ვიყავი, 2007 წელს. იმ დროს ქალაქმა ჩემზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. ნეტავ ახლა როგორია სამოთხედ აღიარებული საქართველოს დედაქალაქი? 

ჩვენი მატარებელი "ბაქო-თბილისი" აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე გაჩერდა. ვიძაბები - აი, ახლა ჩვენი მშობლიური მესაზღვრეები შეგვამოწმებენ, დიდხანს მოგვაცდევინებენ, მაგრამ არა უშავს, მოვითმენ, სამაგიეროდ ქართველი მესაზღვრეები უცებ გაგვიშვებენ. თუმცა არა, პასპორტები ვაჩვენეთ, კომპიუტერებში შეამოწმეს, მებაჟეებიც სწრაფად მორჩნენ თავიანთ საქმეს და მატარებელი მკაცრად გრაფიკის მიხედვით - 45 წუთში დაიძრა საზღვრის ქართული საკონტროლო პუნქტისაკენ. ქართულ საზღვარზე კი ორი საათი გვალოდინეს. არანაირი კომპიუტერები იქ არ აქვთ, ყველაფერი ისეა, როგორც ათი წლის წინ იყო. 

თბილისის რკინიგზის სადგური. როგორიც იყო ათი (ან 20-30) წლის წინათ, იგივე დარჩენილა - ჭუჭყიანი, არეულ-დარეული... ვაგზლის წინ - მათხოვრები და ბომჟები. სისუფთავე მხოლოდ ბილეთების დარბაზში და პერონზე შეინიშნება. და უცებ - თანამედროვე სუპერმარკეტებს ხედავთ - თითქოსდა 90-იანი წლებიდან დროის მანქანით მოგზაურობ! სამწუხაროდ, დროის მანქანის შეგრძნებას განსაკუთრებით მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობისას ამჩნევ - სუპერმოუწყობელი, სპეციფიკური "არომატით", სიბინძურით, კედლებზე "სასიამოვნო" წარწერებით, ბუზებით.

და ისევ დროის მანქანით მეტროში: სხვათა შორის ეს ერთადერთი ადგილია, სადაც დასახელება ლათინური ასოებითაა მოცემული, თორემ ისე ქალაქში ვერ მიხვდები - კაფეში შედიხარ თუ ფოტოატელიეში, ან ოფისში. როგორც ჩანს, თბილისის მეტრო გახსნის დღიდან - 1966 წლიდან არ გარემონტებულა. ცუდი განათება, ჭუჭყიანი კედლები, გაშავებული ჭერი და ნათურები გუნება-განწყობას გაგიფუჭებთ. არადა, ასეთ არაკომფორტულ პირობებში მგზავრობაც რომ ძვირია? 50 თეთრი!

რაც შეეხება ძველი თბილისის უბნებს: ცენტრი და ის ადგილები, რომლებსაც ხელისუფლება უცხოელი ტურისტებისთვის ინახავს, მოვლილი და ლამაზია, ვერაფერს იტყვი. ჰოდა, ტურისტებიც ფოტოაპარატებს აჩხაკუნებენ და ნასიამოვნები დადიან. ფაქტია, რომ თბილისში ბევრი ძველი შენობა და ევროპული არქიტექტურის ნიმუშებია შემონახული, ბაქოს ვერ შეადარებ. თბილისში ევროპული შენობების აგება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში გადაწყვიტეს. მიდიხარ რუსთაველის გამზირზე და გგონია, რომ სანკტ-პეტერბურგში ხარ - ფართოდ გაშლილი ქუჩა და ორივე მხარეს ერმიტაჟის მსგავსი შენობები! ძალიან ლამაზია! მაგრამ ცოტა გვერდზე რომ გაუხვიო, ტურისტულ მარშრუტებს გასცდე, მაგალითად, სოლოლაკის რაიონში, ისეთ საშინელებათა ფილმების სცენებში მოხვდები, რომ ჰიჩკოკი ისვენებს.
დანგრეული და ნახევრად დანგრეული ფასადები, ბათქაშაცვენილი კედლები, სადაც "შიგნეული" ჩანს - ძველი აგური. მიღრეცილ-დაბრეცილი კარები, სარკმელები და რაც ყველაზე საშინელია - ბოძებშეყენებული აივნები, სახლის კედლები, რომლებიც წასაქცევად არიან განწირული.

რასაკვირველია, მხედველობაშია მისაღები, რომ თბილისს ცოტა ფული აქვს, ბაქოს კი შედარებით მეტი. მაგრამ რაც გაქვს, ის ხომ გააზრებულად უნდა გამოიყენო? რატომ რეალიზდება გაუგებარი და უცნაური პროექტები? რას წარმოადგენს ის ორი გიგანტური მილი, რომელიც რიყეზეა გაწოლილი? ვერ გაიგებ, მუზეუმია თუ თეატრი... ფული თუ ხიდისთვის გამოინახა, ძველმა უბნებმა რა დააშავა? სხვათა შორის, ის მინის ხიდიც საკმაოდ ნეგატიურად მოჩანს თბილისის პეიზაჟში - ისევე როგორც სხვა "თანამედროვე", მაგრამ უშნო მინა-ბეტონის ცათამბჯენები. თბილისელები ხიდის გამო ხუმრობენ - მიხეილ სააკაშვილმა ფრთიანი "ოლვეისი" დაგვიტოვაო. მსგავსება მართლაც საოცარია.

ახლა რაც შეეხება, ხალხს, რომლებიც ბევრი ჩვენი კრიტიკოსის თქმით, ბევრად უკეთესები არიან საკუთარ მოქალაქეებზე. რა თქმა უნდა, ხალხის განსჯა არასწორია (მით უმეტეს, როცა მათ შორის უამრავი მეგობარი გყავს), მაგრამ რაც ჩანს ზემოდან, გეტყვით:

თბილისელები ბაქოელებთან შედარებით უფრო ლაღები არიან, მაგრამ ეს სილაღე ზოგჯერ შოკში გაგდებს: ახალგაზრდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში საჯაროდ კოცნაობენ, მამაკაცებს, გრძელი, დაუვარცხნელი თმები აქვთ, ქალებს ძალიან გამომწვევად აცვიათ. ქალები, ამასთანავე, ყველგან ეწევიან. ყველგან! ქუჩაში სიარულის დროსაც კი. მიმავალი ქალი სიგარეტით, დამეთანხმეთ, უბრალოდ არაესთეტიურია. 

მამაკაცები, ნებისმიერ საუბარში, სუფრასთანაც კი, აქცენტს აკეთებენ პატრიოტიზმზე, პოლიტიკაზე და საქართველოს "თვითმყოფადობაზე". თავიდან ამას მშვიდად იღებემ, მერე იღლები. მათ მეტი სალაპარაკო არაფერი აქვთ? თქვენ წარმოგიდგენიათ აზერბაიჯანული სუფრა, სადაც საუბრები მიდის აზერბაიჯანის დამოუკიდებლობაზე და რამეში თუ არ ეთანხმები, უხეშად გესაუბრებიან? აი, მე ვერ წამომიდგენია.

მიუხედავად ამისა, თბილისი მაინც ლამაზი ქალაქია. აუცილებლად უნდა წახვიდე და დაათვალიერო. იქაური ნანგრევიც კი ათასწლეულების მომსწრეა. თუმცა საწყენია, რომ ბაქოელები საკუთარს არ აფასებენ და სხვისას აქებენ. ჩვენ პატრიოტობას ვივიწყებთ, რომლითაც ქართველებს ვერ შევედრებით.