• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

ტრანსგენდერი ქალი სასამართლოს პირადობის მოწმობაში სქესის ჩანაწერის შეცვლას სთხოვს

დღეს ტრანსგენდერი ქალი პირველი ინსტანციის სასამართლოს პირადობის მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის მოთხოვნით მიმართავს.

ინფორმაციას გამოცემა "ლიბერალი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ სარჩელამდე სასამართლოში მსგავსი მოთხოვნა უკვე არის დაფიქსირებული, რომელთაგან ერთიც სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა განსახილველად, ვინაიდან პასპორტში სქესის შეცვლაზე ტრანსგენდერი კაცის სარჩელი საქართველოს სასამართლოს არც ერთმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, "ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება". საკონსტიტუციო სასამართლომ კი ეს მუხლი ასე განმარტა: "საკუთარი ნების, გადაწყვეტილების, არჩევანის შესაბამისად განვითარების შესაძლებლობა. ამასთან, განვითარებას ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, შინაარსით და მიმართულებით. ამ სფეროს ამომწურავი განმარტება შეუძლებელია. ის მოიცავს ადამიანის თავისუფლებას სხვადასხვა სფეროში. საკუთარი სქესისა და სექსუალური ორიენტაციის განსაზღვრას, სქესის შეცვლის უფლების ჩათვლით."

მეორე საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავს. დღემდე განხილულ საქმეებზე სასამართლომ კანონი შემდეგნაირად განმარტა: "სამოქალაქო აქტის ჩანაწერში (ამ შემთხვევაში პირადობის მოწმობა), ცვლილების შეტანის საფუძვლები განსაზღვრულია სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით. ცვლილებების შეტანის საფუძველია სქესის შეცვლა. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი თანამედროვე სამედიცინო მიღწევების გათვალისწინებით ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, შეიცვალოს თავისი ბიოლოგიური სქესის თაობაზე არსებული ჩანაწერი. იმ პირობით, რომ ეს ცვლილება ზუსტ შესაბამისობაში იქნება პირის შეცვლილ ბიოლოგიურ სქესთან". ადვოკატ ნინო ბოლქვაძის განცხადებით, კი ეს აბსურდულია, რადგან ისეთი ოპერაციის გაკეთება, რომლითაც სქესი ბიოლოგიურად სრულყოფილად შეიცვლება, შეუძლებელია.

2017 წლის 6 აპრილს გამოვიდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სქესის შეცვლის ორ საქმეზე. ერთ-ერთ საქმეზე, მოსარჩელეს ჰქონდა ფსიქიატრის დასკვნა, რომ ის ტრანსგენდერია, თუმცა არ ჰქონდა გაკეთებული ოპერაცია. ამის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. სააპელაციო ინსტანციამ კი ამ გადაწყვეტილების გაცნობის შესახებ განაცხადა, რომ განიხილავს სტრასბურგის სასამართლოს მიღებულ სტანდარტს და გადაწყვეტილებას გამოიტანს 17 ოქტომბერს.