• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

უცხოელმა ტურისტებმა საქართველო გააკრიტიკეს - "ეს პატარა ქვეყანა არ არის სამოთხე"

გზამკვლევი წიგნების გათვალისწინებით, საქართველო სამოთხეა, ქვეყანა  სავსეა ულამაზესი სოფლებით, კარგი საკვებით, ღვინით  და კეთილგანწყობილი,  სტუმართმოყვარე ადამიანებით.

საკითხავია, ასე არის თუ არა რეალობაში? ჰო, მაგრამ არა იმდენად, როგორც ამას ყვებიან ხოლმე.

ალექსი ქერი 49 ქვეყანას ესტუმრა. მათ შორის იყო საქართველოც. სტატიაში, რომელსაც news.com.au აქვეყნებს, ალექსი ქერის სიტყვებით იწყება, სადაც ამბობს, რომ საქართველო,  ეს ერთადერთი ადგილი იყო, საიდანაც ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა. 

საკუთარ ბლოგში მან საქართველოს კრიტიკული სტატია მიუძღვნა. ალექსი ყვება, თუ როგორ გაუცრუა საქართველომ მას და მის პარტნიორს იმედი.

„როდესაც საქართველოში მოგზაურობაზე დავფიქრდით, მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით, ამიტომ გუგლის მეშვეობით რაღაც ინფორმაცია შევაგროვეთ. სიმართლე გითხრათ, მაშინვე მომეწონა საქართველოში მოგზაურობის იდეა, რადგან ყველა ფორუმი აღნიშნავდა მომხიბვლელი, ქვაფენილიანი ქალაქის შარმსა და სტუმართმოყვარე ხალხს“.

როგორც ის აღნიშნავს, იმიჯი, რომელიც ინტერნეტმა შეუქმნა, საქართველოში  ჩამოსვლისთანავე გაქრა. 

„თბილისის ქუჩები დაბინძურებული და დამტვრეულია, ასევე ქართველები უკულტურობითა და აგრესიულობით გამოირჩევიან და არა პირიქით, თუ სტუმართმოყვარეობაში არ ჩავთვლით დაბღვერილ მოხუც კაცს, გიჟივით მოსიარულე ტაქსისტებს ან დიასახლისებს, რომლებიც სუპერმარკეტის რიგში თავზე გახტებიან. ანდაც მიმტანებს, რომლებიც თვალებშიც კი არ გიყურებენ, გაღიმებაზე საუბარი ზედმეტია, ან კიდევ - სასტუმროს მეპატრონეებს, რომელთა ერთადერთი საკომუნიკაციო ფორმა ბუზღუნია, როცა ოთახისკენ მიგითითებენ და მიდიან“, - წერს ალექსის ქერი.

არც ქართული სამზარეულოთი მოხიბლულა ის. მართალია  ალექსის ძალიან მოეწონა ქართული კერძები, მაგრამ აღნიშნავს, რომ საკვებმა მოწამლა და დარჩენილი დღეები მხოლოდ პურს ჭამდა.

ჟურნალისტი  საქართველოს კარგ მხარეებსაც აღნიშნავს, მისი აზრით, აქ  მართლაც შთამბეჭდავი ბუნება და ღვინოა.

„შესაძლოა ჩვენ არ გაგვიმართლა და ყველაზე უხეშ ქართველებს გადავეყარეთ, თუმცა იმ ხალხთან ურთიერთობა, ვისაც შევხვდით, საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩვენი ვიზიტი საქართველოში დროზე ადრე დაგვესრულებინა, არადა, კიდევ ხუთ დღეს ვაპირებდით დარჩენას.

დავბრუნდებით თუ არა მალე საქართველოში? მოდით ასე გიპასუხებთ - მირჩევნია ჩრდილოეთ კორეისკენ დავჯავშნო ბილეთები. დარწმუნებული ვარ, იქ უფრო სასურველი სტუმარი ვიქნები“.-ასე ასრულებს სტატიას ჟურნალისტი ალექსი ქერი.