• თბილისი
  • 18°C
  • 27 სექტემბერი, 2017
article

ილია მეორე: ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას მოაქვს უარყოფითი შედეგები

ცოდნის მიღება არ არის საკმარისი, ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას უარყოფითი შედეგები მოაქვს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ეკლესიური ახალი წელი და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 

პატრიარქის თქმით, არის დღეები, როცა ადამიანი განსაკუთრებით ფიქრობს თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე და ეს დღე არის სწორედ დღევანდელი დღე.

„დღეს არის ახალი წელი ეკლესიურად და დასაწყისი სასწავლო წლისა. ორი დღესასწაული დაემთხვა ერთმანეთს. მე მინდა ორივე დღესასწაული მოგილოცოთ. დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რას გვაძლევს და რა არის განათლება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ცოდნა. ცოდნის მიღება ეს არის „ნათელი ქრისტესი“. „ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეს, რომ „ნათელი ქრისტესი“ უნდა შევიდეს ჩვენში. ჩვენ გავუღოთ კარი და სარკმელი ჩვენი გულისა და გონებისა „ნათელსა ქრისტესა“. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენზე“, - განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ სტუდენტობის წლებიც გაიხსენა. პატრიარქის თქმით, იყვნენ ისეთი სტუდენტებიც, რომლებიც კარგად სწავლობდნენ, მეცადინეობდნენ და ითვისებდნენ პროფესორების მიერ გადმოცემულ ლექციებს, მაგრამ წიგნების კითხვას ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას.
მისივე განცხადებით, ასეთი სტუდენტები თავისი ცოდნით და განათლებით სუსტები იყვნენ.

„ვიყავით ისეთი სტუდენტები, რომლებიც მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით საინტერესო წიგნებს. ჩვენ ვკითხულობდით ფილოსოფიას, ლოგიკას, ფსიქოლოგიას. ეს ყველაფერი აფართოებდა ჩვენს ცოდნას. უნდა ითქვას, რომ ცოდნის მიღება საკმარისი არ არის. ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას მოაქვს უარყოფითი შედეგები. ცოდნასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, სარწმუნოება და კეთილი თვისებები. აი ასეთი კეთილი თვისებებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე და შეგახსენოთ უფლის სიტყვები - „ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ“. ღმერთმა მოგცეთ მადლი, წყალობა, სიბრძნე, სიხარული, სიყვარული და მტკიცე სარწმუნოება”, - განაცხადა ქადაგების ბოლოს პატრიარქმა.