• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

„ძალიან დიდია სხვაობა მმართველი გუნდისა და სხვა პარტიების მიერ მობილიზებულ თანხებს შორის“

ტრადიცია გრძელდება, რომ მმართველი გუნდი უფრო მეტი თანხის მობილიზებას ახდენს, შესაბამისად ეს ტენდენცია არ დარღვეულა ამ არჩევნების წინაც, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსმა იურისტმა, გიგი ჩიხლაძემ განაცხადა. 

„ძალიან დიდია სხვაობა მმართველი გუნდისა და სხვა პარტიების მიერ მობილიზებულ თანხებს შორის. მიზეზებზე საუბარი რთულია, იმიტომ, რომ შეიძლება იყოს როგორც სამართლებრივი, ისე არასამართლებრივი მიზეზები. ჩვენ მხოლოდ ფაქტის შეფასება შეგვიძლია. ფაქტია, რომ შვიდ მილიონზე მეტი შემოწირულება მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, როცა დანარჩენ პარტიებს ნახევარი მილიონიც კი არ აქვთ. დარღვევებზე ამ ეტაპზე გაგვიჭირდება საუბარი. 

ჩვენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ ვახორციელებთ მონიტორინგს და შემოსავალსა და გაღებულ შემოწირულებას შორის თუ საეჭვო სხვაობას აღმოვაჩენთ, ამაზე გვექნება რეაგირება. ჩვენი კვლევა პროცესშია და კონკრეტულად ამ მომენტისთვის არ შემიძლია ვთქვა, დაფიქსირდა თუ არა დარღვევა“, - განაცხადა გიგი ჩიხლაძემ. 

შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე შემოწირულებების მონიტორინგის შუალედური შედეგების მიხედვით, 2017 წლის 1-ლი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი შემოწირულება მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“ 7 343 993 ლარის ოდენობით.