• თბილისი
  • 18°C
  • 27 სექტემბერი, 2017
article

ნათელაშვილი თბილისელებს: „გამოდით და გააკარით ივანიშვილი ტრანსფორმატორზე“

სემეკის სხდომა, სადაც თელასის განაცხადი, ტარიფის გადახედვის შესახებ უნდა განხილულიყო, რამდენიმე საათი პარალიზებული იყო. 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ელექტროენერგიის მოსალოდნელ გაძვირებას ადგილზე აპროტესტებდნენ. 

შალვა ნათელაშვილმა და გიორგი გუგავამ მჯდომარე აქცია გამოაცხადეს და იმ დარბაზში გამაგრდნენ, სადაც სხდომა უნდა გაგრძელებულიყო. მათ რამდენიმე ათეული მხარდამჭერიც შეუერთდა. მოგვიანებით, მჯდომარე აქციის ყველა მონაწილე, ნათელაშვილ-გუგავას ჩათვლით, პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა დარბაზიდან.

მანამდე, საქართველოს პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი, თბილისელებს სახლებიდან გამოსვლისა და აქციაში ჩართვისაკენ მოუწოდებდა, ხოლო ხელისუფლებას „მეორე ერევანით“ ემუქრებოდა (შარშან მეზობელ სომხეთში ხალხი მთავრობის წინააღმდეგ სწორედ დენის ტარიფის გაძვირების გამო გამოვიდა).

„დენიც მათია, ჰესებიც მათია, გენერაციაც მათია, გადამცემი ხაზებიც მათია და თუ ასე გააგრძელებენ, საბრალდებო სკამიც მათი გახდება. 

გამოდით და გააკარით ივანიშვილი ტრანსფორმატორზე, რომელიც ტარიფების განახევრებას გვპირდებოდა“, - ასე მოუწოდა ნათელაშვილმა ხალხს, რომელსაც 2018 წლიდან, დიდი ალბათობით, ელექტროენერგიის გაძვირებულ ტარიფთან გამკლავება მოუწევს.

 "როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ისე ეს პროცესი მთავრდება ტარიფის გაძვირებით", - მიმართა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "სემეკი"-ის თავმდჯომარეს, ირინა მილორავას, რომელმაც მხოლოდ 19 თვეში (2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე) ხელფასის სახით 228 000 ლარი აიღო ბიუჯეტიდან. 

სემეკში კი, თელასის განაცხადის განხილვას, ფორმალური პროცედურებით ხსნიდნენ და აცხადებდნენ რომ პოლიტიკოსების პოპულიზმი მიმდინარე პროცესს აზიანებდა. 

რაც შეეხება ფასს, ენერგეტიკის ექსპერტები მიიჩნევენ რომ გაუფასურებული ლარის გამო, ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება გარდაუვალია და სახელმწიფო იძულებული გახდება თელასის მოთხოვნა, ტარიფის გადახედვის შესახებ, დააკმაყოფილოს.