• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2017
article

პარლამენტარის შვილის დაღუპვის გამო 3 პოლიციელს 1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

გორის რაიონის სასამართლომ გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს სამ თანამშრომელს 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე პოლიციელის - ათმეთაურ ნუკრი ხაბელაშვილის, პატრულ-ინსპექტორების: ზურაბ რუსიშვილისა და გია სადაღაშვილის მიმართ 5 ათას ლარიან გირაოს მოითხოვდა. 

საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონის სასამართლოში 2 ოქტომბერს ჩაინიშნა. 

გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
 
17 მაისს, გამთენიისას გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს. მძღოლი ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე შსს-მ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.