• თბილისი
  • 8°C
  • 16 დეკემბერი, 2017
article

სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება

სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება. 

როგორც განათლებისაა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძირითადად საუბარია შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე. ასევე შაქრიან, გაზიან სასმელებზე. 

მინისტრის განმარტებით, აკრძალვა შეეხება იმ პროდუქტებს, რაზეც ზუსტად არის ცნობილი, რომ მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

"ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ განსაკუთრებით მავნე პროდუქტები ჩვენს სკოლებში არ იყოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯია, რომ წავახალისოთ ბუფეტის ოპერატორები, სკოლის ბუფეტები იჯარით გაიცემა კომერციულ კომპანიაზე და ეს კომპანიები უზრუნველყოფენ ბუფეტებში კვებას. ჩვენ შევეცდებით, წავახალისოთ ჯანსაღი საკვები, ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი პროდუქტები. მებუფეტეების ტრენინგები, მათთან თანამშრომლობა, სოფლის მეურნეობასთან, ჯანდაცვასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს.

 უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტემბრიდან როდესაც ბავშვები სკოლაში მივლენ, ბუფეტი შეცვლილი დახვდებათ. შემდგომ პერიოდში ჩვენი ბუფეტი სულ უფრო დაიხვეწება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის განმარტებით, პროცესი მონიტორინგით გაკონტროლდება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი, სანქცია მებუფეტესთან ხელშეკრულების გაწყვეტა იქნება.