• თბილისი
  • 27°C
  • 29 მაისი, 2017
article

მარგველაშვილი გადადგომისთვის და ბოკერიასთან გაერთიანებისთვის ემზადება

ნაციონალურ მოძრაობას დღეს ბოკერიას მცირე ჯგუფი დატოვებს. ბოკერიას ჯგუფი ახალ პოლიტიკურ პარტიას - „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდება, რომელიც გიგი წერეთლის მამის დაფუძნებული და კვალიფიციური სუბიექტია.

ბოკერიას ჯგუფის წევრები არიან: გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, სერგო რატიანი, მიხეილ მაჭავარიანი, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე და სხვები.

მათ უმრავლესობას არასოდეს ჰქონია პერსონალური რეიტინგი. გამონაკლისი მხოლოდ ბაქრაძე და უგულავაა, რომელმაც ბრალის ნაწილობრივი მონანიების შემდეგ დატოვა „მატროსოვი“ და გამოსვლისთანავე დაესხა თავს პრეზიდენტ სააკაშვილის თანამოაზრეებს. მათ „ბიბლიოთეკის უკლონისტები“ უწოდა.

დაპირისპირების დეტალები

ბოკერია ღიად სააკაშვილს მას შემდეგ დაუპირსიპირდა, რაც მისი პარტიიდან გაძევება ვერ შეძლო. ქვეყნიდან იძულებით წასულ ყოფილ პრეზიდენტს, ბოკერია მისივე დაფუძნებული პარტიიდან აგდებდა.

ბოკერიას მიზანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარის არჩევა იყო, რაც 2 ათას დელეგატიანი ყრილობით უნდა მოეხერხებინა.

თუმცა, 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, წევრთა უმრავლესობამ უფრო მასშტაბურ და სახალხო ყრილობის ჩატარებას დაუჭირა მხარი, რამაც ფაქტობრივად, ბოკერიასა და მისი ვიწრო ჯგუფის მარცხი განაპირობა.

ამის შემდეგ, რატიანის ხელით ბოკერიამ სააკაშვილის თანამოაზრეების დასჯა გადაწყვიტა და საპარლამენტო სიიდან მათი ამოღების შესახებ მიმართა ცესკოს. პარალელურად კი, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენება დააანონსა.

თუმცა, ბოკერიას ჯგუფი, რომელიც სააკაშვილზე მეტად თავისივე ამომრჩეველს დაუპირისპირდა და პარტიული, ნახევრადბოლშევიკური მეთოდებით დაგმო მათი მწვავე რეაქცია, იძულებული გახდა უკან დაეხია და პარტიიდან წასვლის შესახებ განეცხადებინა. სწორედ ამაზე უნდა ისაუბრონ დღეს „გამიჯნულებმა“.

რას გეგმავენ ბოკერია და მარგველაშვილი?

გავრცელებული ინფორმაციით, ბოკერიას ვიწრო ჯგუფი, საბოლოოდ, გიორგი მარგველაშვილთან გაერთიანებას გეგმავს.

მარგველაშვილი, რომელიც განათლების მინისტრად მუშაობის დროს, სწორედ ამ ვიწრო ჯგუფის მეგობარს, კახა ბენდუქიძეს ებრძოდა აკრძალული მეთოდებით და მისი უნივერსიტეტების დახურვას ცდილობდა, „ახლა სხვაგვარად ჭვრეტს“. ბენდუქიძე ცოცხალი აღარ არის. ბოკერია-მარგველაშვილი კი, პოლიტიკური მეგობრობისთვის ემზადებიან.

სავარაუდოდ, მათი გეგმა ასეთი იქნება: ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებს ამზადებს, რომელიც პირველ რიგში, პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება.

კერძოდ, ხელისუფლება ლობირებს მოსაზრებას რომ პრეზიდენტი არა პირდაპირი ანუ ხალხის, არამედ პარლამენტის მიერ უნდა იყოს არჩეული.

საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო. თუმცა, ცხადია რომ ცვლილებების მომზადებას, განხილვას, შეჯერებასა და პარლამენტის მიერ მიღებას დრო სჭირდება.

პრეზიდენტს უფლებამოსილება 2018 წელს ეწურება. ხოლო თუ მარგველაშვილი, მაგალითად, გაზაფხულზე ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე ნებით გადადგება, კანონმდებლობის მიხედვით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რომელიც ცხადია, ახლანდელი ანუ პირდაპირი არჩევის გზით უნდა ჩატარდეს.

მოვლენების განვითარების ასეთ სცენარზე, თავდაპირველად, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მარგველაშვილი ხალხს ეტყვის, იმიტომ გადავდექი რომ პრეზიდენტის არჩევის უფლება არ წაგართვან, რომელსაც მთავრობა აპირებსო.

უქარიზმო და უუფლებო მარგველაშვილი ასე ეცდება ხალხს თავი დაამახსოვროს. ხოლო, თუ გაუმართლებს და ბოკერიას, მისი ვიწრო ჯგუფისა და სხვა პოლიტიკოსებისა თუ პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატიც გახდება, ალბათ, მეორე შანსზეც არ იტყვის უარს.