• თბილისი
  • 32°C
  • 25 ივლისი, 2017
article

გუნცაძეს იჭერენ?

“პრესა.ჯი”-თვის ცნობილი ხდება რომ შს სამინისტრომ საქართველოს რკინიგზაში არსებული კორუფციული სქემის გამოვლენა დაიწყო.

სპეციალური თათბირი, რომელიც ამ თემაზე ჩატარდა, შს მინისტრის კატეგორიული მოწოდებით დასრულებულა. წყარო გვიყვება რომ ღარიბაშვილმა რკინიგზის შეფის, კოკა გუნცაძის “გაფუჭება” დაგეგმა.

ექსპერტთა ვარაუდით, საქართველოს რკინიგზის “ხაზეინის” წინააღმდეგ დაგეგმილი პოლიციური კამპანია ხუხაშვილ-ღარიბაშვილის ფარული დაპირისპირების გაგრძელებაა.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზისა და მასზე გამავალი ტვირთების კონტროლი, პრემიერთან ერთად, შს მინისტრის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს სურს.

რა მტკიცებულებები აქვს შსს-ს?

შს სამინისტროში უკვე აქვთ კონკრეტული მამხილებელი მტკიცებულებები საქართველოს რკინიგზაში არსებული კორუფციული გარიგებების, უკანონო ტვირთბრუნვისა და არალეგალური ფინანსური “ნაკადების” შესახებ. ერთ-ერთი ინფორმაციით, რკინიგზიდან კარგად ხეირობს ლევან გაჩეჩილაძე და მასთან ასოცირებული კომპანიებიც.

თუმცა, ღარიბაშვილი სკანდალის აგორებას არ ჩქარობს. ის პრემიერის დასტურს ელოდება…

რას უმზადებენ რკინიგზის ბობოლებს?

პრემიერის გარემოცვა ვარაუდობს რომ დღეს,  გუნცაძის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირების კორუფციის მუხლით დაპატიმრება, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მარგველაშვილის წინააღმდეგ იმუშავებს.

მათი აზრით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოვლენილი კორუფციული სქემის შემდეგ, იგივე ბრალდებით საქართველოს რკინიგზაში ჩინოვნიკების აყვანა, საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობებს გააღვივებს.

“ხალხი დარწმუნდება რომ საქართველოში მართლა შევარდნაძის დრო მოვიდა” (კორუფცია დაბრუნდა)…

ამიტომ, პრემიერის გარემოცვის გეგმებით, გუნცაძისა და მისი კორუმპირებული კლანის განეიტრალება არჩევნების შემდეგ მოხდება. საქართველოს რკინიგზაში არსებული დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა კი, შს სამინისტროს პიარის ნაწილი გახდება.

სავარაუდოდ, გუნცაძეს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულებენ, მის კორუმპირებულ გარემოცვას კი კორუფციისა და დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის დააპატიმრებენ.