• თბილისი
  • 29°C
  • 23 სექტემბერი, 2017
article

ცრემლისა და ტკივილის დღე - 25 თებერვალი და საქართველოს გასაბჭოება

„თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას“ - პროლეტარიატის პირსისხლიანმა ბელადმა ეს დეპეშა ბაქოდან მიიღო, ქართული გვარის რენეგატისგან.

„და უძრავ იყო თბილისის ღამე“...

მანამდე კი... 1921 წლის 25 თებერვალს, მე-11, მე-9, მე-3 და მე-13 არმიები, ასევე, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები, საქართველოს ტერიტორიაზე ლორეს, აზერბაიჯანის, დარიალის ხეობის, მამისონის უღელტეხილის და შავი ზღვის მხრიდან შემოიჭრნენ. უზარმაზარი წითელი ურჩხული პატარა, ახალფეხადგმულ დამოუკიდებელ ქვეყანას უცაბედად დაატყდა თავს.

ჯალათ ოკუპანტებს საქართველომ 40-იანი არმია და ქართველი ოფიცრების, ჯარისკაცების, მთლიანად ერის შემართება და თავგანწირვა დაუპირისპირა, თუმცა, მტრის აურაცხელმა რიცხობრივმა რესურსმა თავისი გაიტანა და საქართველო, როგორც ხშირად მისი მრავალსაუკუნოვანი მატიანის მანძილზე, უთანასწორო ომში დამარცხდა. ჩრდილოეთში მოკალათებულმა ჯალათებმა და მათმა ადგილობრივმა ემისრებმა ოცნება აისრულეს და სამხრეთის ურჩ მეზობელს 70 წლოვანი მონობის უღელი კიდევ ერთხელ დააადგეს.

1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაეცა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა. ქართველი იუნკრების, ჯარისკაცების გვამებზე ბოლშევიკებმა გადაიარეს და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს. თუმცა, თავისუფლებისმოყვარე ერს წინააღმდეგობა არ შეუწყვეტია. კომუნისტური ტირანიის წინააღმდეგ, 1921-23 წლებში, წინააღმდეგობის თავგანწირული მოძრაობა დაიწყო, რასაც სასტიკი საბჭოთა რეპრესიები მოჰყვა. 1922 წლის სექტემბერში, საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო ერთ-ერთი ასეთი ამბოხი.

1923 წლის მარტში დააპატიმრეს საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლის ცენტრის წევრები და მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მათ შორის იყვნენ, გენერალები კოტე აფხაზი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, იასონ კერესელიძე, ნიკოლოზ ზანდუკელი და სხვები. საბჭოთა სადამსჯელი რაზმებმა არც უბრალო ხალხი დაინდეს და მთელი საქართველოს ტერიტორიაზე სისხლის მდინარეები დააყანეს... ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პატრიოტების წინააღმდეგ ბრძოლა კი მთელი საბჭოთა ეპოქის განმავლობაში მიმდინარეობდა...