• თბილისი
  • 6°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

რას უმალავენ ბერას ოჯახის წევრები?

უკანასკნელი კვირებია, ქართული საზოგადოება ორ მოვლენას აკვირდება: ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მორიგ გამოსვლებს ჩირგვებიდან, ძირითადად, კვლავ ეპისტოლარულ ჟანრში და მისი პირმშოს მიერ შექმნილ, პოლიტიკურ ასპექტში გადაწყვეტილ მუსიკალურ „ნაწარმოებებს“... ოლიგარქის შვილმა, პატარა ბერამ ფრთები გაშალა და საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებით აღფრთოვანებულმა, შოუ ბიზნესისა და პოლიტიკის დიდ სცენაზე შემოჭრა რეპის საკმაოდ მოძველებული  რიტმებით გადაწყვიტა.

ინტერნეტში ბერას რამდენიმე მუსიკალური „შედევრი“ გავრცელდა. ყმაწვილი, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ მისი შექმნილი ჰანგები ტელევიზიებმა „პოლიტიკური ნიშნით დაუბლოკეს“, იატაკქვეშეთიდან ებრძვის ვირტუალურ მტრებს და პარალელურად, მამის ვირტუალურსავე იდეებს „აპიარებს“., იდეებს რომელთაც არც სახე აქვთ, არც ფორმა და არც შინაარსი.

ეს განგსტერული ელფერის, გაცვეთილი, აგრესიული და ბანალური ჰანგები, გემოვნებიანი მუსიკის მსმენელში არავითარ დაინტერესებას რომ არ გამოიწვევს, ცხადია. ის არც მეამბოხე მუსიკაა, არც ანარქისტულ–პანკური და არც რაიმე ზოგადი ღირებულება აქვს. მსგავსი მუსიკალური წიაღსვლები კი, ქართულმა საზოგადოებამ უკვე იხილა „დიდი ქართველი მომღერლის“, გრეჩიხას ძმის, უცნობის გამოსვლების სახით. თუ როგორ დასრულდა ეს უიღბლო და სევდიანი მუსიკალური პიარის ისტორია ორივე ძმისთვის, ცნობილია. სეირის მაცქერალ ქართველ საზოგადოებას კი, ბერას შემყურეს, უკვე „დეჟა ვუს“ შეგრძნება უჩნდება.  

საკუთარი შვილის „განუსაზღვრელი რესურსის“ გამოყენებას, როგორც ჩანს, ახლა ჭორვილელი მილიარდერი ცდილობს. ის მუსიკალური „თხზულებები“, რომელიც პერიოდულად ინტერნეტში ვრცელდება, ახლადგამომცხვარი მომღერლის არც ნიჭზე მეტყველებს, არც ტალანტზე, არც სმენისა თუ ხმის შეთავსებადობაზე. თუმცა, როგორც ჩანს, „ბავშვს“ ახლობლები ამას უმალავენ და მოსიყვარულე ოჯახის წევრების და გულშემატკივრების წაქეზებით გათამამებული ყმაწვილიც, „უი, შენ გენაცვალე, რა ნიჭიერი გვყავხარო“, ამ გულისმაჩუყებელი ფრაზის აკომპანიმენტით, კონვეირივით აცხობს და „უკითხავს“ ქართულ საზოგადოებას ახალ–ახალ „რეპებს“.

ძნელი სათქმელია, რამდენად დადგება ბერასგან თუფაქი ან თუნდაც უცნობი, მაგრამ აქ მთავარი ეგ არ არის. ბავშვს უხარია და შრომობს. იოლი საქმე ხომ არ არის, იმ სნობი ბიძიების და დეიდების „ლაიქების“ მოპოვება ფეისბუქზე, რომელთაც წლების განმავლობაში გემოვნებინი მუსიკის, რეპის „მტრის“ – როკის და სხვა მსგავს მიმდინარეობათა მსმენელებად მოჰქონდათ თავი. ბერა რეკორდის დასამყარებლად აიპადს ხელში არ აიღებს, მაგრამ სამაგიეროდ „ქართულ ოცნებებს“ ისე რეპავს, მისი მეტყველების სტილის და მანერის, ჟირინოვსკის შეშურდება. 

ცოტა უცნაური და კურიოზულია, რომ ქართველი ერის გადამრჩენელმა „მესიამ“, ეს დიადი მისია რეპის ფონზე განიზრახა. როგორც ჩანს, მამიკო ბიძინა განებივრებულ „ბავშვს“ უარს ვერაფერზე ეუბნება. პრინცი ბერაც საკუთარი ახალი როლით კმაყოფილი ჩანს და „მოღვაწეობას“ აგრძელებს: ხან მინისტრებს პასუხობს გარეპილი შაირებით და ხან საქართველოს გადარჩენას ლამობს ასეთივე ფორმით. ამგვარი არასერიოზულობა ცოტა არ იყოს და უხერხულად და სახალისოდ ჩანს იმ კოლოსალური ამბიციების და რიტორიკის ფონზე, რითაც ქართულ პოლიტიკაში შემოდგა ფეხი რუსული ბეგრაუნდის ჭორვილელმა ოლიგარქმა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მოვლენების ასეთი მიმდინარეობა, სხვადასხვა ფაქტორთა გათვალისწინებით, სრულიად ლოგიკურიცაა.