• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

ხელისუფლება ბორჯომელი ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს, თუმცა, სხვა გეგმები აქვს ხალხს...

ცოტაც და, ბორჯომი ახალ მერს აირჩევს. მეორე ტურში ერთმანეთს სახელისუფლებო კანდიდატი ლევან ლიპარტია და ზაზა ჩაჩანიძე დაუპირისპირდებიან. 

ბორჯომელთა დიდი ნაწილის სიმპათია ზაზა ჩაჩანიძისაკენ იხრება, თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ეს მშვენიერი ქალაქი კვლავ კლანურ მმართველობას დაუქვემდებაროს. 

მაგალითად: ცოტა ხნის წინ, ბორჯომში იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, დეპუტატები, ეკა ბესელია და გია ვოლსკი გამოჩნდნენ.
მათი უჩვეულო მივლინების რეალური მიზანი, ბორჯომის მერის არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება. 

წულუკიანი, ბესელია და ვოლსკი ცდილობენ ბორჯომელები სხვადასხვა გზით აიძულონ მხარი იმ კანდიდატს დაუჭირონ, რომელიც მათ ნდობას არ იმსახურებს. 

ლევან ლიპარტიას, იქ, როგორც ადგილობრივი კლანის მიერ შერჩეულ კადრს, ისე იცნობენ. ადგილობრივი კლანური მმართველობა კი, ბორჯომელთა უმრავლესობას უკვე ყელში ამოუვიდა. 

წულუკიანის, ვოლსკისა და ბესელიას ტრიო ბორჯომელ ამომრჩეველთა ნაწილს ხან წართმეული ხე-ტყის მასალის დაბრუნებას, ხანაც პატიმართა შეწყალება-გათავისუფლებას ჰპირდება, თუმცა, სხვა გეგმები აქვს ხალხს…

რას ფიქრობს ამომრჩეველი? 


“წლებია უკვე, ბორჯომელთა ცხოვრება უკან მიდის. ვალები, უმუშევრობა, ბიუროკრატია - აი, რა აწუხებს ხალხს. 

ადგილობრივი ხელისუფლება, საკუთარ ჯიბესა და ხე-ტყის უკანონო ბიზნესზე ფიქრობს. 

თუმცა, გამოჩნდა კანდიდატი, რომელსაც მართლა შეუძლია ბორჯომი უკეთესი გახადოს. 

ამიტომ ვუჭერ მხარს ზაზა ჩაჩანიძეს”, - ამბობს ბორჯომელი პედაგოგი, რომელიც 30 წელზე მეტია სკოლაში ასწავლის და წუხს რომ “თუ არაფერი შეიცვალა, დღევანდელ ახალგაზრდობას ბორჯომში პერსპექტივა არ ექნება”.

“მჯერა რომ თუ არჩევნებზე მივალთ, ხელისუფლება გაყალბებას ვერ გაბედავს. 

ხოლო თუ სახლში დავრჩებით, მაშინ უნდა შევეგუოთ იმას რომ კვლავ მოითბობენ ხელს ხალხის ფულით”, - მიიჩნევს პენსიონერი სოფელ საკირედან. მას იმედი აქვს რომ ბორჯომის მერი ზაზა ჩაჩანიძე გახდება. 

“ოღონდ ის ლიპარტია არა და ვინც გინდათ იყოს. ყველამ იცის აქ, ვისი კადრია ეგ ლიპარტია. ვერა და ვერ დაანებეს ქალაქს თავი. 

ხალხის ხარჯზე აიწყვეს ცხოვრება და ისევ იგივეს აგრძელებენ. აღარ უნდა ეშველოს ამ ქალაქს?

ნუთუ არ ვიმსახურებთ იმას რომ ბორჯომს კარგი მერი ჰყავდეს?”, - კითხულობს უმუშევარი ამომრჩეველი სოფელ დვირიდან, რომელმაც საჯარო სამსახური ერთი წლის წინ დაკარგა. 

“შეგვამცირეს და გვითხრეს საჭირო აღარ ხართო”, - ასე იხსენებს იგი იმ დღეს, როდესაც შემოსავლის გარეშე დარჩა.

რა მოხდება მეორე ტურში და რა იქნება მეორე ტურის შემდეგ?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბორჯომის საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობაშია. 

მეტიც, ერთერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები წააგო მოქმედი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის ძმამ, ბესიკ ფოფხაძემ. ის დიდი სხვაობით დამარცხდა პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელთან.

ალბათ, აქედანაც ჩანს ბორჯომელთა დამოკიდებულება ადგილობრივი ხელისუფლებისადმი. 

“ახლა იმის გარკვევის დრო არ არის ვინ რომელ პარტიაშია. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები და ერთობლივად დავამარცხოთ ქართული ოცნების კანდიდატი. 

ყველამ, ვინც თავს ოპოზიციად მიიჩნევს, ვისაც ეს ადგილობრივი კლანი არ მოსწონს, ვინც თვლის რომ ბორჯომი უკეთესს იმსახურებს, სწორედ ზაზა ჩაჩანიძეს უნდა მისცეს ხმა”, - აცხადებს ახალგაზრდა ბორჯომელი, რომელმაც მართალია, პირველ ტურში მხარი სხვა ოპოზიციონერ კანდიდატს დაუჭირა, თუმცა მზადაა, მეორე ტურში ზაზა ჩაჩანიძეს დაუდგეს გვერდით, რათა ხელისუფლება დაამარცხოს.

რაც შეეხება ლევან ლიპარტიას, მას ძირითადად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ამომრჩევლების, ძმებ ფოფხაძეებისა და როგორც ჩანს, თბილისიდან სპეციალურად მივლინებული “ტრიოს” იმედი აქვს.